მთავრობა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეორგანიზაციის თაობაზე ეროვნულ ბანკთან კონსულტაციებს გეგმავს

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მხარეებმა კარგად უნდა განიხილონ. თუმცა, როგორც ეროვნული ბანკი, ისე საბანკო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნულ ინიციატივას არამართებულად მიიჩნევენ.

”ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს მათ შორის ეროვნულ ბანკთანაც და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას,” - განაცხადა ნოდარ ხადურმა დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სტრატეგიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე. 

”ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის დამოუკიდებელი სტრუქტურა დღესაც და ის ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს მონეტარული პოლიტიკის ძალიან მნიშვნველოვანი ფუნქციები, მაგრამ საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულებები. მათ შორის, ვალდებულებები ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ბატონი დავითის ეს წინადადება კარგად უნდა განვიხილოთ,” - დასძინა ხადურმა და შემდგომი განმარტებებისაგან თავი შეიკავა.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ძირითად მიზანს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. იგი თავის საქმიანობას ძირითადად "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე წარმართავს. უწყება აქტიურად თანამშრომლობს კანონით განსაზღვრულ მონიტორინგის განმახორციელებელ პირებთან, მათ საზედამხედველო ორგანოებსა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყნის ანალოგიურ სამსახურებთან.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეორგანიზაციის მიზნით "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა მოამზადა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს და მის უფროსს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრი ნიშნავდეს. ამ ინიციატივის პარალელურად, იგეგმება ცვლილებები "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონშიც, რომელთა თანახმად, ყველა ის ნორმა, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ეხება, კანონიდან ამოღებულ იქნება.

"რეორგანიზაციის მიზეზი ამ ორგანოს ფუნქციონირების ქმედითობის გაზრდაა. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ფუნქციების განხორციელება უკავშირდება სწორედ უკანონო შემოსავლების აღმოჩენას, მისი ლეგალიზების პრევენციას და შესაბამისს ქმედებებს. აღნიშნული საქმიანობა მეტწილად სწორედ ფინანსთა სამინისტროს ძირითად ფუნქციებთან არის დაკავშირებული. სამსახურის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ინტეგრირება სამსახურის ეფექტურ მუშაობასა და მოქნილობას გაზრდის", – განმარტავს საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი.

კანონპროექტის თანახმად, სამსახურის რეორგანიზება ორი თვის ვადაში უნდა განხორციელდეს.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ გვასალია ამბობს, რომ მისთვის საკანონმდებლო ცვლილების მიზეზი გაუგებარია. გვასალიას თქმით, არ არსებობს გარანტია, რომ ფინანსთა სამინისტრო სწორად გამოიყენებს ამ კანონს.

”არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, რადგან ცდუნება, რომ ეს კანონი, რაღაც ნაწილში, გამოიყენებული იქნება გადასახადების ადმინისტრირებისთვის, არის ძალიან მაღალი და ეს ყოვლად დაუშვებელია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გაკეთება,” - განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.

როგორც გვასალიამ განმარტა, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა, არასოდეს ყოფილა რომელიმე სხვა უწყების დაქვემდებარებაში, გარდა ეროვნული ბანკისა. თუმცა, მისი თქმით, ამ რეალობის შეცვლის არაერთი მცდელობა ახსოვს. როგორც გვასალიამ განმარტა, თავის დროზე, როცა ფინანსური მონიტორინგის სამსახური შეიქმნა, ძალიან დიდი შრომა დაიხარჯა იმაში, რომ ბანკები და დეპოზიტორები მის სანდოობაში დაერწმუნებულიყვნენ და ინსტიტუტს იმ რეპუტაციით ესარგებლა, რომლითაც დღეისათვის სარგებლობს.

”როგორც ჩანს, მთავრობას სურს ჰქონდეს წვდომა საბანკო ანგარიშებზე, მაშინ როცა ამის უფლება მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს,” - დასძინა გვასალიამ.

მისი თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური არ გადის პიროვნებებზე, არ აწუხებს კონკრეტულ დეპოზიტორებს, რადგან შეუძლია მხოლოდ ფინანსების მიმოქცევის კონტროლი, გამოძიების წარმოება სხვა ქვეყნის ფინანსური მონიტორინგის სამსახურებთან თანამშრომლობის გზით, მაგრამ ყოველთვის გასაიდუმლოებულია კონკრეტული პირის ვინაობა.

”ერთი დეპოზიტორიც კი რომ შეაწუხოს ვინმემ, ბანკში ფულს აღარავინ შეიტანს და ვისაც შეტანილი აქვს, ისინიც გამოიტანენ,” - განაცხადა ზურაბ გვასალიამ.