2016 წელს საქართველოს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა შემცირდა.
ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარგების ეროვნული კომისიის ანგარიშიდან გახდა ცნობილი. „სემეკის“ მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობამ ჯამში 2.261 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიხმარა, რაც 2015 წელთან შედარებით 6.4%-ით ნაკლებია, ეს 2013 წლის შემდეგ, შემცირების პირველი შემთხვევაა.
აღნიშნული შემცირება გამოწვეული იყო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარების შემცირებით, მათ შორის აღსანიშნავია თბოსადგურების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის 23%-იანი შემცირება. ამ შემცირების გამო გასულ წელს თბოსადგურებმა 6%-ით ნაკლები - ანუ 2.236 მილიარდი კილოვატ/საათი ენერგია გამოიმუშავეს. რაც შეეხება მოსახლეობას, გაზიფიცირების ზრდის პარალელურად, კვლავ მზარდი იყო საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება. 2016 წელს საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობამ 789 მლნ მ3 შეადგინა, რაც 13.6%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
იმავე „სემეკის“ მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში მოხმარებული ბუნებრივი აირის 93% სომხეთიდან შემოვიდა. გაზის მოხმარების დანარჩენი ნაწილი კი - მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით.
ხათუნა ჩიგოგიძე