Fitch- უკრაინაში კრიზისი რუსეთის ეკონომიკისთვის რისკებს ზრდის

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch მიიჩნევს, რომ უკრაინის კრიზისი რუსულ ეკონომიკაზე წნეხს გააძლიერებს და რისკების ზრდასაც ხელს შეუწყობს, მათ შორის, ვალუტის გაუფასურებისა და კაპიტალის გადინების კუთხით.

უცხოელი ანალიტიკოსების აზრით, ჩრდილოეთში პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადია, თუმცა, რუსეთის სუვერენული საკრედიტო პროფილი კვლავ საიმედოდ რჩება. შესაბამისად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ მინიჭებული რეიტინგი BBB (”სტაბილური”) უცვლელი დატოვა.

3 მარტს ყირიმში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბაზარზე პანიკა დაიწყო, რუბლი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 2,2%-ით, ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. ამავე დროს მოსკოვის საერთაშორისო სავალუტო ბირჟის ინდექსი 10,8%-ით შემცირდა.რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რუბლის მხარდასაჭერად საპროცენტო განაკვეთი 150 საბაზისო პუნქტით, 7%-მდე გაზარდა და 11 მილიარდი დოლარი გაყიდა. თუმცა, მეორე დღეს სიტუაცია შედარებით დარეგულირდა.