რა ქონებას ფლობს გიორგი მღებრიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გასული წლის შემოსავალმა ამ პოსტზე 75859.05 ლარი შეადგინა. ასეთია მინისტრის მიერ 27 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მონაცემები.

დეკლარაციის თანახმად, მინისტრი ბორჯომში, წაღვერში 90 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ფლობს, რომელიც 2011 წელს მემკვიდრეობით მიიღო და ამავე მისამართზე არსებულ 2006 წელს 5 000 ლარად ნაყიდ 232 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს.

მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი „მერსედესი 350“. დეკლარაციის შევსების მომენტში მინისტრს „ტერა ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 14 800 ლარი ერიცხებოდა. ასევე ნაღდი ფულადი თანხის სახით ჰქონდა 75 ათასი დოლარი.

მღებრიშვილს ჰყავს მეუღლე ნინო გედევანიშვილი და შვილები - ელენე, ბუჩა და ალექსანდრე მღებრიშვილები. ნინო გედევანიშვილი ფლობს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 142.60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 33,33%-ს. ბინის თანამფლობელები სოფიო გედევანიშვილი და ვლადიმირ კრუგლიკოვი არიან.

"ლიბერთი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე გედევანიშვილს 30 ლარი, ანაბარზე კი 485 ლარი იყო. მისმა ხელფასმა 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, „ლიბერთი ბანკის“ კადრების დეპარტამენტის ადმინისტრატორის თანამდებობაზე - 19 731.05 ლარი შეადგინა.