რეისიდან მგზავრის ჩამოსმის გამო  United Airlines-ის აქციები 3%-ით გაუფასურდა

თვითმფრინავიდან მგზავრის ჩამოსმის გამო, ავიაკომპანია United Airlines-ის აქციები დღევანდელ საფონდო ვაჭრობაზე 3%-ით გაუფასურდა, რაც 600 მილიონი დოლარის დანაკარგს უდრის. 

სავაჭრო სესიის მსვლელობისას კომპანიის მფლობელი United Continental Holdings-ის ერთი აქციის ფასი 69 დოლარის ქვევით დაეცა.

9 აპრილს ჩიკაგო-ლუისვილის რეისზე ინციდენტი მოხდა. სალონში მყოფ მგზავრებს განუცხადეს, რომ რეისზე იმაზე მეტი ბილეთები გაიყიდა, ვიდრე ადგილები იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით მგზავრებს ოთხი ადგილის გათავისუფლება მოსთხოვეს და ალტერნატივად სხვა რეისი, კომპენსაცია და ღამით სასტუმროში განთავსება შესთავაზეს.

მას შემდეგ, რაც მგზავრებმა მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვეს,  თვითმფრინავში სამართალდამცავები ავიდნენ და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ოთხი მგზავრი შეარჩიეს. პოლიციამ ძალა გამოიყენა ერთ-ერთი მგზავრის წინააღმდეგ, რომელმაც უარი განაცხადა თვითმფრინავიდან ჩასვლაზე.