ზურაბ ალავიძე - უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება

აშენდება 7 ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი, სამაგიეროდ დაიხურება 29 ძველი ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის სახიფათო მუნიციპალური ნაგავსაყრელი - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, 2017-2020 წლებში უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის გზების, ხიდების, ნაგავსაყრელების და საბავშვო ბაღების.

”მთელი წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ადგილის რელიეფის, ამინდის მიუხედავად ქვეყნის ყველა მოქალაქეს, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს განათლება, განვითარდეს, დასაქმდეს და თავად დაასაქმოს. მხოლოდ სრული დატვირთვით ამუშავებული და განვითარებული ინფრასტრუქტურა მისცემს მოსახლეობას ამის შესაძლებლობას.

2017-2020 წლებში, უპრეცედენტო რაოდენობის 2500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განცხორციელდება. აშენდება დაახლოებით ათასი კილომეტრი გზა, საიდანაც 350 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალია, ხოლო 650 კილომეტრი კი შიდა სახელმწიფოებრივი რეგიონული მნიშვნელობის გზებია. დამატებით ნახევარი მილიონი ადამიანი მიიღებს 24-საათიან წყალმომარაგებას, აშენდება 7 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული ნაგავსაყრელი და სამაგიეროდ დაიხურება 29 ძველი, ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის სახიფათო მუნიციპალური ნაგავსაყრელი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 120-მდე სოციალური დანიშნულების ობიექტს, რომელშიც შედის 70 საბავშვო ბაღი, 25 სპორტული და 25 საზოგადოებრივ კულტურული დანიშნულების ობიექტი. ამ პროექტების განხორციელება 40 ათას ადამიანს დაასაქმებს”, -განაცხადა ზურაბ ალავიძემ.