„გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ რუსულ გაზზე არ ვიყოთ დამოკიდებულები , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბუნებრივი გაზის წლიური საპროგნოზო ბალანსის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, მთავრობა მოსახლეობის და კომერციული სექტორის სრულად აზერბაიჯანული გაზით მომარაგებას აპრილიდან გეგმავს და "გაზპრომისგან" ბუნებრივი აირის მიღება წლის ბოლომდე აღარ იგეგმება.
"ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა "გაზპრომთან", გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებულები რუსულ ბუნებრივ აირზე. მიღებული თანხით გვეძლევა შესაძლებლობა, ვიყიდოთ ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, ირანიდან, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულიად დავიტვირთოთ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, "გაზპრომთან" ორწლიანი ხელშეკრულების დასრულების დროისთვის საქართველოს ექნება უფრო მყარი პოზიციები, ვინაიდან დასრულებული იქნება გაზსაცავის მშენებლობა.