კახა კალაძე - დესტრუქციულ ძალებს სნოში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის შეჩერება არ გამოუვათ

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ადგილობრივ დესტრუქციულ ძალებს სნოში 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის შეჩერება არ გამოუვათ.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს სნოს ხეობის სოფლების მცხოვრებლების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის კომენტირებისას განუცხადა.

„სოფელზე ელექტროგადამცემი ხაზები არ გადის. ეს არის სოფლიდან მოშორებით. თუმცა იქ ადგილზე არიან დესტრუქციული ძალები, რომლებიც ცდილობენ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების შეჩერებას. მინდა გავაწბილო ისინი - ნამდვილად არაფერი გამოუვათ. ისინი ვერ მოახერხებენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ეს არ არის ჩემი საკუთარი პროექტი. ეს არის ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი და არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთი სასიკეთო პროექტების შეჩერება მოახერხონ“, - განაცხადა კალაძემ.

დღეს, სოფლების: სნოს, ახალციხის და კარკუჩას მცხოვრებლები საპროტესტო აქციას გამართავენ. ადგილობრივები ითხოვენ, ხელისუფლებამ სნოს ხეობის დასახლებულ პუნქტებს აარიდოს 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის მშენებლობის დაწყებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.