შპს ”კალანდას” ღორების ფერმაში კარანტინია გამოცხადებული

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, შპს "კალანდაში" ღორების დაცემის ფაქტის გამო, გამოცხადებულია კარანტინი.

"სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან და 24-საათიან რეჟიმში მუდმივ მონიტორინგს უწევენ დაავადების ლიკვიდაციის პროცესს. დაცემული ცხოველები განადგურდა ვეტერინარულ-სანიტარული წესების სრული დაცვით, შესაბამისად, დაავადებული ცხოველების ხორცის ბაზარზე მოხვედრის რისკი არ არსებობს", - ნათქვამია სურსათის უვნებლობის სამსახურის განცხადებაში.

შპს "კალანდას" ფერმაში ღორების დაცემა ღორის კლასიკური ჭირის გავრცელებამ გამოიწვია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა, დემნა ხელაიამ განაცხადა, რომ აღნიშნული დაავადება ადამიანებზე არ გადადის, ღორებში კი ძალიან სწრაფად ვრცელდება და 100%-მდე სიკვდილიანობა ახასიათებს.

”კლინიკურად ჯანმრთელი ღორები, რომლებსაც არანაირი დაავადება არ აღენიშნებოდათ, სასაკლაოზე გადავიყვანეთ. სასაკლაოებიც ჩვენ კონტროლქვეშაა და შესაბამისად, დაავადებული ხორცი ბაზარზე ვერ მოხვდება", - აღნიშნა ხელაიამ.

მისი თქმით, მონიტორინგი ფერმის გარე ტერიტორიაზეც ჩატარდა. ხელაიას ინფორმაციით, გარე ტერიტორიაზე, არც ერთ ღორზე მსგავსი დაავადება არ დაფიქსირებულა.

დაავადება ფერმაში 10 თებერვლის შემდეგ გავრცელდა.