საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ყველაზე მსხვილი კომპონენტის, სივრცითი მოწყობის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.
2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ გააცნო. მინისტრის თქმით, გეგმა გულისხმობს მასშტაბური და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას, ქვეყნაში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას და სრული დატვირთვით მუშაობას ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის.
„განხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტები გზების, წყალმომარაგების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიური, გარემოს დაცვის და სხვა მიმართულებით. განსაზღვრულია ის მიდგომები, რომლითაც ქვეყნის ყველა მოქალაქე, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეძლებს მიიღოს განათლება, დასაქმდეს და თავად დაასაქმოს. სრული დატვირთვით ამუშავებული და განვითარებული ინფრასტრუქტურა მისცემს მოსახლეობას არსებული შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას“,- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
გეგმის თანახმად, 2017-2020 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 2 500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება; დაგეგმილია 1000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დამატებით ნახევარ მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით, აშენდება შვიდი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 120-ზე მეტ საზოგადოებრივ-კულტურული დანიშნულების ობიექტს. 2 500-მდე პროექტის განხორციელების შედეგად 40 000 სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება. აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მათი ჯამური ღირებულება 9 მილიარდ ლარზე მეტია.