საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი გიორგი გახარიამ და ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა აშოკ გაჯაპატმა მოაწერეს.

როგორც ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება ეფუძნება ,,ღია ცის“ ლიბერალურ პრინციპებს, რომელიც ითვალისწინებს ავიასაწარმოების დანიშვნას და მათ მიერ ტარიფების დამოუკიდებლად განსაზღვრას, ფრენების სიხშირის ურთიერთშეთანხმებას და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დაწესებული სტანდარტების შესრულებას ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების თვალსაზრისით.

საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება ან შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. საქართველოს მხრიდან დანიშნული ავიაგადამზიდველებისთვის დანიშნულების პუნქტებად განისაზღვრა დელი, მუმბაი, ჰაიდარაბადი, ბენგალურუ, ჩენაი და გოა.

„ღია ცის“ შეთანხმებამ ხელი უნდა შეუწყოს ავიაციისა და ფრენების განვითარებას. ვთვლით, რომ როდესაც ვემზადებით ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად და ვიკვლევთ ამ მიმართულებას, პირდაპირი ფრენები და „ღია ცის“ რეჟიმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესის ურთიერთკონტაქტებისთვის და ხელს შეუწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინდოეთში საქართველოს ელჩის, არჩილ ძულიაშვილის თქმით, ეს შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსა და ინდოეთს შორის მომავალი ურთიერთობების განვითარების მხრივ.

”ეს არის ხალხთა შორის ურთიერთობა, ეს არის კულტურული და ეკონომიკური კავშირები და საერთო ჯამში, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე გაგრძელდება კონსულტაციები, რომ დაიწყოს პირდაპირი ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის”, - განაცხადა საქართველოს ელჩმა ინდოეთში არჩილ ძულიაშვილმა.

საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება ამ დრომდე არ არსებობდა. ქვეყნებს შორის აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გააქტიურდა 2016 წლიდან. 2016 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს სამოქალაქო ავიაციის საკითხებთან დაკავშირებით. 2017 წლის 9-10 იანვარს თბილისში გაიმართა მოლაპარაკებები ინდურ მხარესთან, რომლის შედეგად საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მომზადდა შეთანხმების პროექტის შეჯერებული, საბოლოო ვერსია, რომელსაც ინდოეთში, მიმდინარე წლის 11 აპრილს მოეწერა ხელი.