სენაკის გამგებელი - ბუნებრივი აირის ტარიფი მოსახლეობისთვის 1 მარტიდან გაძვირდა, ჩვენთან კომპანიას კომუნიკაცია არ ჰქონია

კომპანია "გაზკო +"-ის მიერ სენაკში გაზის ტარიფის გაძვირების ფაქტს რაიონის გამგებელი ეხმაურება. გოჩა დგებუაძე აცხადებს, რომ კომპანია ბაზარზე წინა ხელისუფლების დროს შემოვიდა და მასთან იმდენად კაბალური ხელშეკრულება გააფორმა ცენტრალურმა მთავრობამ, რომ საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევს.

"ტარიფი 1 მარტიდან გაძვირდა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გაიგო მოსახლეობამ საგადასახადო დავალიანების შესახებ სმს-ით. ჩვენთან კომპანიას არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია და ასე თვითნებურად მოხდა ყველაფერი. ჩვენ მაჟორიტართან ერთად ჩართულები ვართ ამ საქმეში და ყველა სამართლებრივ მეთოდს მივმართავთ, რათა მოსახლეობისთვის მიუღებელი ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს", - განაცხადა გოჩა დგებუაძემ.

დღეს განცხადება გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

„გამოდის ვიღაც გაქსუებული კომპანიის ხელმძღვანელი, მენეჯერი და სენაკის მოსახლეობისთვის გაზის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილებებს იღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, გუშინ მას სენაკის მოსახლეობამ მიმართა, რომლებიც აღნიშნულის გამო აღშფოთებულები არიან.