დავით კეზერაშვილს 7.5 მილიონ აშშ დოლარამდე თანხა დაუყადაღეს

დავით კეზერაშვილის 7 მილიონ 400 ათასი დოლარი დაყადაღებულია. ყოფილი თავდაცვის მინისტრის ადვოკატი, შოთა მინდელი ანგარიშების დაყადაღებას უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ "სამართლებრივ რეაგირებას" მოახდენს.

ამის შესახებ მინდელმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც კონტრაბანდული გზით სპირტის რეალიზაციის საქმეზე დავით კეზერაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.

პროკურატურამ წინა პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის მონაკოს ერთ-ერთი ბანკის ანგარიშზე განთავსებულ 7 400 000 აშშ დოლარზე ყადაღის დადებას ითხოვდა. დღევანდელ პროცესზე პროკურორმა მერაბ ჯანაშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა მოხსნა, რაც იმით განმარტა, რომ მონაკოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენით უკვე მიიღო.

პროკურორის განმარტებით, "კეზერაშვილის ანგარიშების დაყადაღება ზეპირი მოსმენის საფუძველზე მოხდა ძირი საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც მართალია, დავით კეზერაშვილი ბრალდებული არ არის, მაგრამ საპროცესო კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, დადებულ იქნას ყადაღა, თუ არსებობს ეჭვი, რომ ეს არის დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხა".

"პროკურორმა ბრძანა, რომ ყადაღა დაედო ამ საქმიდან გამოყოფილ საქმეზე. უნდა მოგახსენოთ, რომ იმ საქმეში კეზერაშვილი საერთოდ ბრალდებულადაც არ არის ცნობილი. საქმე გამოიყო აბსოლუტურად სხვა პირების მიმართ. იქ კეზერაშვილის გვარიც კი არ არის ნახსენები. შესაბამისად, პროკურატურამ გვერდის ავლით, სრულიად სხვა საქმეში, სადაც კეზერაშვილს ბრალიც არ აქვს წაყენებული, მოახდინა თანხის დაყადაღება, რაც გამაოგნებელია", - განაცხადა ადვოკატმა შოთა მინდელმა და დასძინა, რომ ჯერჯერობით, ხელთ არ აქვს დოკუმენტაცია, კეზერაშვილის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით და როცა მას გაეცნობა, შესაბამის სამართლებრივ ზომებს მიმართავს.