შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას კონკურსის მონაწილეები და ორგანიზაცია „მოქალაქის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონკურსის მესამე ეტაპზე დარჩენილმა 47-მა გუნდმა მუნიციპალიტეტის ან დასახლების პრობლემის გადაჭრის ხედვისა და აქტივობის დოკუმენტი უნდა მოამზადოს.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, კონკურსში გამარჯვებულებს პრიზები ელოდებათ.
„ეს გახლავთ სტუდენტური გუნდების კონკურსი და ბუნებრივია, ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მონაწილეობა. კონკურსი ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან რამეს. ალბათ ყველამ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების ჩართვას თვითმმართველობის საკითხებში. წელს ოდნავ სახეცვლილი ფორმით შევთავაზეთ პროექტი. საუბარია კონკრეტული პროექტის გაკეთებაზე იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მათ მუშაობა დაიწყეს. ეს ყველაფერი დაგვირგვინდება არა მხოლოდ ძალიან მომხიბლავი პრიზით - ევროპის ქვეყნებში ტურნეთი, არამედ სტუდენტური კონფერენციით, სადაც ძირითადი ოპონენტები იქნებიან თვითმმართველობის გამგებლები და წარმომადგენლები“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
თვითმმართველობის მხარდასაჭერ კონკურსს ორგანიზაცია „მოქალაქე“ ახორციელებს.