კომპანია “გაზკო+” - მუშაობა მიდის, რომ სენაკში ბუნებრივი აირის გადასახადმა დაიწიოს

კომპანია “გაზკო+”-ში სენაკის აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის გაძვირებასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გაკეთდა.

კომპანიის დისტრიბუციის სამსახურის უფროსის, დიმიტრი პაჭკორიას მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გაზის მიმწოდებელი კომპანიის ტარიფების ცვლილებამ გამოიწვია.

“2016 წლის დეკემბერში ჩვენ მომწოდებელ კომპანიასთან ახალი ხელშეკრულება გავაფორმეთ და გაზი უცხოურ ვალუტაში, თანაც სხვა ტარიფით შევიძინეთ. შესაბამისად, კომპანიას გააჩნია ვალდებულებები და ჩვენ მოგვიწია დერეგულირებადი აბონენტებისთვის ტარიფის გაძვირება. რის შესახებაც ისინი წინასწარ გავაფრთხილეთ. რაც შეეხება დერეგულირების მოხსნის საკითხს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მარეგულირებელი კომისია, მთავრობა და კომპანიები ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ტარიფები ისე დარეგულირდება, რომ მოსახლეობას ზედმეტად არ დააწვეს მხრებზე. შემიძლია გითხრათ, რომ უკვე მიდის მუშაობა იმაზე, რომ გადასახადმა დაიწიოს”, - განაცხადა დიმიტრი პაჭკორიამ.

“ინტერპრესნიუსი” დღეს სენაკში მცხოვრებ რამდენიმე ადგილობრივსაც ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი წინასწარ არავის გაუფრთხილებია და ითხოვენ ტარიფის დაწევას, რადგან ამტკიცებენ, რომ გაზის გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ.

დღეს განცხადება გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

„გამოდის ვიღაც გაქსუებული კომპანიის ხელმძღვანელი, მენეჯერი და სენაკის მოსახლეობისთვის გაზის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილებებს იღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, გუშინ მას სენაკის მოსახლეობამ მიმართა, რომლებიც აღნიშნულის გამო აღშფოთებულები არიან.