პროფესიული განათლების წახალისება არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საგაზაფხულო რეგისტრაციის დროს, პროფესიული განათლების მიღების მსურველების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა წინა მაჩვენებელთან შედარებით.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავააქტიურეთ პროფესიული განათლების პროგრამა. ძალიან სასიხარულოა, რომ დასრულდა გაზაფხულის რეგისტრაცია და 25%-ით მეტმა ადამიანმა მოინდომა ამ მიმართულებით სწავლა. 8005-ზე მეტმა მოსწავლემ შეიტანა განაცხადი. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ამ მიმართულების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, სრულად აფინანსებს პროფესიული განათლების მიღებას“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დასაქმების მაჩვენებელიც პროფესიული განათლების სასწავლებლებში დღეს უკვე ძალიან მაღალია.
„არის ბევრი სასწავლებელი, სადაც 95%-ზე მაღალი დასაქმების მაჩვენებელია და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულების წახალისება არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ. ამიტომ, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს მიმართულება ძალიან გააქტიურდა. დუალური განათლების მექანიზმებიც ჩაირთო და დამსაქმებულებიც უკვე ძალიან აქტიურად მონაწილეობენ პროფესიული განათლების პროგრამებში. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ ასეთი პოზიტიური დინამიკა გვაქვს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.