თამბაქოს კომპანია British American Tobacco-მ საქართველოს პარლამენტს სასამართლოში უჩივლა.
კომპანია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვებს ასაჩივრებს, რომელიც ქვეყანაში პროდუქციის „თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ რეალიზაციას კრძალავს.
British American Tobacco -მ საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტს მიმართა.
როგორც კონსტიტუციურ სარჩელშია აღნიშნული, ქართულმა კომპანია შპს „ოჯთ“-მ თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის ფაქტზე „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის“ და „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედი საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.
შედეგად სასამართლომ „ბრთიშ ამერიქან ტობაკოს“ შპს „ოჯთ“-ს სასარგებლოდ 100 537 172 ლარის გადახდა დააკისრა.
British American Tobacco-ს სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა კრძალავს თამბაქოს ნაწარმზე მწარმოებლის მიერ თავისუფალ ფასწარმოქმნას, მისი საკუთარი შეხედულებებით რეალიზაციას თამბაქოს სფეროში მოღვაწე სხვა ეკონომიკურ აგენტებზე.
მოსარჩელის აზრით, არაჯანსაღ კონკურენციად მიიჩნევა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და არა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია ან ფასწარმოქმნის სხვა რაიმე შეზღუდვა.