მიხეილ გიორგაძე - იძულებული ვარ ვთქვა, რომ ზურაბ ყიფშიძის ჯამური შემოსავალი თვეში ხუთჯერ აღემატება დასახელებულ 400 ლარს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, მსახიობ ზურაბ ყიფშიძის ჯამური შემოსავალი თვეში ხუთჯერ აღემატება დასახელებულ 400 ლარს.

როგორც მიხეილ გიორგაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალიან წუხს, რომ კონკრეტულ ადამიანზე უწევს დღეს საუბარი, მაგრამ მიიჩნევს, რომ საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი და ამიტომ გადაწყვიტა ეპასუხა ბრალდებებზე.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მღელვარებაა სოციალურ ქსელებში და მთელი ეს თემა აწყობილი იყო ერთი კონკრეტული ადამიანის, ბატონი ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლისი მდგომარეობის გარშემო. ეთერში ისიც ითქვა, რომ პრაქტიკულად 400 ლარიანი ხელფასის გამო შიმშილობს. ვწუხვარ, რომ კონკრეტულ ადამიანზე მიწევს საუბარი და არა ზოგადად სისტემურ საკითხზე, მაგრამ ყველანაირ ზღვარს გასცდა ამბავი, როდესაც საზოგადოება პირდაპირ შეცდომაში შეჰყავთ. არავითარ 400 ლარიან ხელფასზე და მითუმეტეს ყოველთვიურ შემოსავალზე საუბარი არ არის. ბატონი ზურაბი ბევრად მეტს, კონკრეტულ ხელფასს იღებს როგორც მარჯანიშვილის, ისე თუმანიშვილის თეატრებში. ის ასევე არის გადაცემის წამყვანი „პირველ არხზე“ და კიდევ უფრო მეტი ანაზღაურება აქვს ყოველთვიური. აღარ ვამბობ ფონდი „ქართუს“ გრანტის მეშვეობით მიღებულ დახმარებაზე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს კერძო თანხა არის და რატომ ითვლის სამინისტრო ამ თანხას. რა თქმა უნდა, ამას არ ვითვლი, უბრალოდ მინდა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ეს ინფორმაცია“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მისივე განმარტებით, მარჯანიშვილის თეატრი, თუმანიშვილის თეატრი და „ პირველი არხი“, ეს არის ის უწყებები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და შესაბამისად, აქედან აქვს საბიუჯეტო ანაზღაურება ზურაბ ყიფშიძეს.

„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, გიორგიმ ან ზურამ რატომ ჩაიგდეს თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც ამდენად გულისამაჩუყებელი ისტორია მოყვა პირდაპირ ეთერში გიორგი ყიფშიძემ, სადაც 400 ლარზე იყო საუბარი. დაახლოებით ხუთჯერ მეტი თანხა გამოდის ჯამურად თვეში შემოსავალი. ყველანაირ პოლიტკორექტულობას საზღვარი აქვს ჩემი მხრიდან. მე იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო, იმიტომ, რომ მართლაც ძალიან დიდი ამბავი ატყდა, ძალიან ბევრი პრეტენზია გამოითქვა ეთერებში, პირად საუბრებში, სოციალურ ქსელზე აღარფერს ვამბობ. მთელი საზოგადოება არის შეწუხებული და ამიტომ, მე მიწევს ასეთი განმარტებების გაკეთება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ზურაბი დაადასტურებს იმას, რაზეც მე ვსაუბრობ“,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.