ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთს ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახის წევრებისთვის 3 მილიონამდე ევროს გადახდა დაეკისრა.
„სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა მოსარჩელეებს საერთო ჯამში 2,995 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით და ასევე 88 ათასი ევრო სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად“, - ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში.
ბესლანის ტერაქტის საქმეში 409 მოსარჩელე ფიგურირებს: ტერაქტისა და შემდგომი შტურმის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები და თვით მძევლები.
მოსარჩელეებმა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით შეიტანეს.
„კონვენციის მე-2 მუხლზე დაყრდნობით მოსარჩელეები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა თავისი მოვალეობა, რათა დაეცვა ტერაქტის მსხვერპლი და მოვლენების გამოძიება არ იყო სრული. ზოგიერთი მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მძევლების სიკვდილი გამოწვეული იყო ხელისუფლების მიერ ძალის გადამეტებით“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.