გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა , ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები და ამ დროისთვის, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მთელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

”ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, - ნათქვამია განცხადებაში.