მე-9 მოწვევის პარლამენტის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 251 თანამშრომელი მიიღეს. გარდა ამისა, პარლამენტის აპარატმა 27 თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა - კონკურსის წესით, საკონკურსო პოზიციებზე 27 საჯარო მოხელე მუდმივად დაინიშნება.
”ინტერპრესნიუსმა” ”ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” საფუძველზე, პარლამენტის აპარატს მიმართა კითხვით, მე-9 მოწვევის პარლამენტის შეკრების შემდეგ, პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი და მოწვეული სპეციალისტი მიიღეს და რა ოდენობის შრომითი ანაზღაურებით. სააგენტო ასევე დაინტერესდა, მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით რამდენი თანამშრომელი მუშაობს ამჟამად პარლამენტის აპარატში.
აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შრომითი ხელშეკრულებით მიღებულია 251 თანამშრომელი. აქედან, დეპარტამენტებში - 37; სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტში - 86 შტატგარეშე მოსამსახურე - მძღოლი; საპარლამენტო კომიტეტების აპარატში - 12; ფრაქციების აპარატებში - 92; დროებითი კომისიების აპარატებში - 13; საპარლამენტო უმრავლესობის აპარატში - 6; საპარლამენტო უმცირესობის აპარატში - 5.
ხელშეკრულებით მიღებული თანამშრომლების ყოველთვიურ შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატი ინფორმაციას არ ავრცელებს და როგორც ამასთან დაკავშირებით განმარტავს, საკითხი ”ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” და ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება.
რაც შეეხება კონკურსს, პარლამენტის აპარატში კონკურსი 10 აპრილს, 27 თანამდებობაზე გამოცხადდა. განცხადებები 20 აპრილის ჩათვლით მიიღება.