15 აპრილიდან MAN-ის მარკის 5 ერთეული ახალი ავტობუსი N9 სამარშრუტო ხაზზე დაინიშნება, რომელიც ვაგზლის მოედნიდან ბაგების მიმართულებით მოძრაობს, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის თბილისში სულ MAN-ის მარკის 40 ახალი ავტობუსი 61, 51, 37 და 87 ნომერ მარშრუტებზე მოძრაობს. თბილისის მერიის მიერ შეძენილი 143 ავტობუსი უკვე თბილისშია.
გარდა ამისა, მათივე ცნობით, ახალი, მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 6 ჰექტარ მიწის ფართობზე მდებარე, 377 ავტობუსზე გათვლილი ბაზა, მაისის ბოლოს, ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ, EBRD-ის მხარდაჭერით შეძენილ 143 MAN-ის მარკის ავტობუსებს მიიღებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაზაზე პროექტით გათვალისწინებულია ყველა იმ ობიექტის მშენებლობა, რომელიც ავტობუსების სრული ციკლით მომსახურებისთვის არის საჭირო: ფარეხები, მომსახურების ცენტრები, სამრეცხაოები, ბენზინ და CNG ტექნოლოგიის გაზგასამართი სადგურები, ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები.
როგორც მერიაში აცხადებენ, ავტობაზა ადაპტირებული იქნება როგორც დიდი, ასევე, საშუალო გაბარიტების ავტობუსების მომსახურებაზე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროექტი თბილისის მერიამ 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პროექტის სრული ღირებულება 34 მილიონი ევროა, საიდანაც 27 მილიონი EBRD-ის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი კრედიტია, ხოლო 7 მილიონი ევრო - ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ფონდის E5P-ის გრანტი.