კომპანია „აირზენა“ თბილისი-მოსკოვის რეისზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„აირზენას“ ინფორმაციით, გუშინ მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ, თვითმფრინავი სავალი ბილიკიდან გადავიდა, თუმცა არავითარ საფრთხეს ეს ინციდენტი მგზავრებისთვის არ წარმოადგენდა.
„გუშინ, თბილისი-მოსკოვის რეისზე, მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ, თვითმფრინავი მიემართებოდა სავალი ბილიკიდან სადგომისკენ. სვლის დროს მოსახვევში მარჯვენა ბორბლით გადავიდა სავალი ბილიკიდან გრუნტზე და გაჩერდა. მგზავრების გადაყვანის მიზნით იმავე ადგილზე მიადგეს ტრაპი და ავტობუსების მეშვეობით მგზავრები გადაიყვანეს ჩამოფრენილი მგზავრების ტერმინალში. არავითარ საფრთხეს ეს ინციდენტი მგზავრებისთვის არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ თვითმფრინავი გადაიყვანეს სადგომზე. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ამ წუთამდე მიმდინარეობს შემოწმება, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ინციდენტი. მოსკოვიდან მომავალი მგზავრებისთვის თბილისიდან გუშინვე გაიგზავნა თვითმფრინავი და აღნიშნული მგზავრები თბილისში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, ვნუკოვოს აეროპორტში დაჯდომისას, ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. მიზეზად ეკიპაჟის მიერ ლაინერის დაუმორჩილებლობა სახელდება. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.