ყოველწლიურად ევროპაში უამრავი მუსიკალური ფესტივალი იმართება, რომელიც საუკეთესო მუსიკოსებსა და სხვადასხვა ქვეყნებიდან ასობით ათას მელომანს უყრის თავს.
ბრიტანული გამოცემა The Guardian მიმდინარე წლის 10 საუკეთესო ფესტივალს გთავაზობთ, რომელსაც თქვენც შეგიძლიათ დაესწროთ.
OFF ფესტივალი, პოლონეთი
პატარა ფესტივალი პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ კატოვიცეში გაიმართება. ბოლო ათი წლის განმავლობაში კატოვიცემ მრავალფეროვანი და საინტერესო არტისტების ლაინაფების წყალობით საერთაშორისო აუდიტორია შეიძინა. წელს ფესტივალზე ქალი მუსიკოსები ჭარბობენ - პიჯეი ჰარვი, ფისტი, ენ მერედიტი და სხვები. ფესტივალი 4-6 აგვისტოს ტარდება და მასზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 55 ევროა.
მდელოზე: ესტონეთი, შვედეთი, სამხრეთ აფრიკა
მდელოზე, იგივე Into the valley, 2015 წელს დაწყებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალია. პირველად ფესტივალი შვედეთში ჩატარდა, ახლა კი საოცრად ამბიციურად იზრდება და სამ ღონისძიებას სამ სხვადასხვა ქვეყანაში მართავს. საფესტივალო დღეები ესტონეთში, ქალაქ რუმუში დაიწყება, ყოფილი ციხის ტერიტორიაზე, შემდეგი ლოკაცია შვედეთის ქალაქ სტორა ვიკაში მდებარე მიტოვებული ქარხანა იქნება, ხოლო 2018 წლის იანვარში ფესტივალი სამხრეთ აფრიკაში, ქეიფ თაუნში გადაინაცვლებს. ესტონეთში 29 ივნისიდან 1 ივლისამდე დასასწრები ბილეთის ფასი 150 ევროა, შვედეთში „მდელოზე“ 10-12 აგვისტოს ჩატარდება და ბილეთი 150 ევრო დაგიჯდებათ, ხოლო სამხრეთ აფრიკაში 26-27 იანვარს 69 ევროდ მოხვდებით ფესტივალზე.
მელტი, გერმანია
მელტზე ”უძინარი სცენა” აქვთ, სადაც შეუჩერებელი მუსიკალური მართონი მიდის შაბათს დილიდან ორშაბათ შუადღემდე. ეპიკური გერმანული ფესტივალი ფერეპოლისში ტარდება ინდუსტრიული შენობებისა და ძველი მაღაროების ტერიტორიაზე. წელს ფესტივალი ოცი წლის იუბილეს აღნიშნავს და ტექნოს და ელექტრონული მუსიკის შემსრულებლებით დაკომპლექტებულ ლაინაფს გვთავაზობს. თუმცა ჰედლაინერებში შეხვდებით ისეთ არტისტებსაც, როგორიცაა ემაიეი და დაი ანტვურდი. მელტზე დასწრება 14-16 ივლისს 140 ევროდ შეგეძლებათ.
Nuits Sonores, საფრანგეთი
ელექტრონული მუსიკის კიდევ ერთი ფესტივალი, რომელიც წელს საიუბილეო 15 წლისთავს აღნიშნავს. ლიონში 6 დღის მანძილზე ფესტივალი 40 ლოკაციაზე იმართება. მუსიკის გარდა, ფესტივალი დიზაინსა და არქიტექტურასაც მოიცავს. წელს ფესტივალი ახალ ადგილას, ფაგორ-ბრანდტის ქარხანაში გაიმართება, სადაც 14 000 ადამიანი ეტევა. ფესტივალი 23-28 მაისს ჩატარდება, 4 ღამის და ერთი დღის ბილეთის ფასი 140 ევროა.
პრიმავერა საუნდი, პორტუგალია და ესპანეთი
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალი ბარსელონასა და პორტოში სულ რაღაც მეხუთე წელია რაც ტარდება. ბარსელონაში ექვსდღიანი ღონისძიება იმართება, პორტოში - სამდღიანი. ბარსელონას ლაინაფში მეტრონომის, იქსიქსს და აპექს თვინს იხილავთ, პორტოში კი რიჩი ჰაუტინს და ნიკოლას ჯაარს მოუსმენთ. ბარსელონაში 31 მაისი-4 ივნისს დასასწრები ბილეთი 195 ევრო ღირს, პორტოში 8-10 ივნისის კი 110 ევრო.
ლოულენდსი, ნიდერლანდები
2017 წელს ჰოლანდიური მუსიკალური ღონისძიება 25 წლის ხდება. ქვეყნის მსუბუქი ნარკოპოლიტიკის გამო, სამდღიან ფესტივალზე 55 000 ადამიანი იყრის თავს. ფესტივალის გარემო პატარა ქალაქად გადაიქცევა, თავის რადიო სადგურით, გაზეთით და ვალუტით. წლევანდელი ლაინაფი ასე გამოიყურება: Alt-J, The xx და იგი პოპი, ასევე დიჯეები ბენ კლოკი, ნინა კრავიცი და რობერტ ჰუდი. ფესტივალი 18-20 აგვისტოს გაიმართება და ბილეთის ღირებულება 185 ევრო იქნება.
მიაკუსმა, ბელგია
მიაკუსმა მეორე წელია რაც იმართება. ლაინაფი ექსპერიმენტული მუსიკის წარმომადგენლებითაა დატვირთული, მათ შორის იქნებიან ცნობილი დიჯეი ბენ უფო და დევიდ ტუფი. მუსიკის გარდა, აქ ვიზუალურ არტზეც აკეთებენ აქცენტს და ლექციებსაც მართავენ. ღონისძიება 8-10 სექტემბერს ტარდება, ბილეთის ღირებულება 50 ევროა.
UVA ფესტივალი, ესპანეთი
პატარა ესპანური ფესტივალი პირველ რიგში ლოკაციითაა მომხიბვლელი. ფესტივალი მეთორმეტე საუკუნის მონასტერში იმართება, რომელიც ქალაქ რონდას მთის წვერზეა აღმართული და ანდალუსიურ სოფელს გადაჰყურებს. ფესტივალი 2-4 ივნისს ტარდება და ბილეთი ასი ევრო ღირს.აუთლუქი, ხორვატია
ხორვატიული ფესტივალი 10 წლისაა და მასიური ხმის სისტემით ხვდება დაბსტების ჰანგებს. ფესტივალის დამსწრეების უდიდესი ნაწილი სტუდენტები არიან. აუთლუქი ქალაქ პულაში, მიტოვებულ ციხე-სიმაგრეში იმართება 7-დან 10 სექტემბრის ჩათვლით, ბილეთის ღირებულება კი 141 ევროა.
ფლოუ ფესტივალი, ფინეთი
დაახლოებით ათი წლის წინ ფლოუ პატარა კლუბში დაიწყო, ახლა კი ფესტივალზე 75 000 კაცი იკრიბება ჰელსინკიში. წელს საოცარი ლაინაფი ელის მსმენელს ფრენკ ოუშენის, ლონდონ გრამარის, მოდერატის და სხვა არტისტების სახით. საკვები ფესტივალზე ცალკე აღსანიშნავია: ორმოცზე მეტი რესტორნის დახლი ნებისმიერი ტიპის გემოვნებას აკმაყოფილებს. ფესტივალი 11-13 აგვისტოს იმართება და ბილეთი 99 ევრო ღირს.