საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შეძენა-შენახვა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
როგორც საგამოძიებო სამსახური იუწყება, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, რუსთავში გაასაღა 13 600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე ითვალისწინებს.