ავტობაზარზე ბუნებრივ აირს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა.
გათხევადებული საწვავის მიმართ ინტერესი გაცილებით დიდია, ვიდრე 3-4 წლის წინ იყო. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, თბილისის მასშტაბით, გათხევადებულ აირზე თვეში, საშუალოდ, 60 მანქანა "გადადის". ტენდენცია მზარდია და არ არის გამორიცხული, ძალიან მალე ეს მაჩვენებელი გაორმაგდეს.
გასათვალისწინებელია, რომ გათხევადებული გაზი (დზპ) არის ერთადერთი ნავთობპროდუქტი, რომელსაც აქციზის გადასახადის ზრდა არ შეხებია. 1 ტონაზე გადასახადი 120 ლარი იყო და ამდენივე დარჩა, ბუნებრივ აირზე კი აქციზის გადასახადი 150%-ით გაიზარდა და ახლა 1 ტონაზე გადასახადი 200 ლარია.
ქართველი სპეციალისტების ინფორმაციით, ამ მხრივ უცხოურ ქვეყნებს დიდი გამოცდილება აქვთ. შედარებისთვის, უკრაინაში ავტომანქანების დაახლოებით 43% გათხევადებულ გაზზე მოძრაობს, თურქეთში ეს მაჩვენებელი 75%-ს აღწევს.
ახალი საავტომობილო საწვავი ადგილობრივ ბაზარზე, ეს-ესაა ფეხს იდგამს და განვითარებას იწყებს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ბუნებრივ აირთან შედარებით დზპ-ს, გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა, უპირატესობა აქვს ფასშიც. 1 კგ გათხევადეული გაზი 1,20 ლარის ფარგლებში იყიდება. ბუნებრივ აირი კი 1,45 ლარი ღირს.
ფასის გარდა, მნიშვნელოვანია შემადგენლობა და ტექნიკური მახასიათებლები, რაც გათხევადებული გაზის უპირატესობას წარმოაჩენს.
კომპანია "აირბალონის" წარმომადგენელი, ინჟინერი ნოდარ რამიშვილი განმარტავს, რომ გათხევადებული გაზის გამოყენება ევროპამ წინა საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო და დღესაც აქტიურად მოიხმარს. არის ქვეყნები, სადაც ამ კატეგორიის საწვავზე მანქანები ქარხნულად არის დამზადებული და მოსახლეობაში ძალიან პოპულარულია.
"გათხევადებული გაზი მსოფლიო პრაქტიკაში მიღებულია. ჯერ კიდევ 30-იან წლებში დაიწყო მისი მოხმარება იტალიამ, ცოტა მოგვიანებით კი გერმანიამ სამხედრო ტექნიკაში გამოიყენა. საქართველოში ამ ტიპის საწვავი შევარდნაძის პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა. 11 წელი ვიარე თხევადი გაზით, იდეალურად მუშაობდა მანქანა. მაშინ შემოდიოდა რუსული, ყაზახური და თურქმენული გაზი, რომელიც მაღალი ხარისხის იყო. პარალელურად შემოდიოდა აზერბაიჯანიდანაც, მაგრამ ავტომობილში მას არ ვიყენებდით.
მოხდა ისე, რომ ნაციონალური მოძრაობის მოსვლის შემდეგ იმპორტი სხვა ქვეყნებიდან აიკრძალა და აზერბაიჯანული გაზი უალტერნატივო გახდა. მის საწვავს ჰქონდა ძალიან მძაფრი სუნი, რის გამოც იძულებული გავხდი, მანქანა ბუნებრივ აირზე გადამეყვანა. 2014 წლიდან თხევად გაზს საწვავად აღარ ვიყენებ, მაგრამ ბოლო დროს მესმის, რომ მძღოლებში დიდი ინტერესი გამოიწვია და მანქანები გადაჰყავთ კიდეც ამ სისტემაზე. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო - პრაქტიკულად და თეორიულადაც, იდეალური საწვავია", - აცხადებს რამიშვილი და დასძენს ტექნიკურ პარამეტრებზეც, რაც გათხევადებულ გაზს ბუნებრივი აირისგან გამოარჩევს.
"გათხევადებული კილოგრამობით იწონება და მაღალი თბოუნარიანობით ხასიათდება. თუკი ბუნებრივი აირის გამოყენებისას ძრავას სიმძლავრის 20-25% იკარგება, გათხევადებული გაზის გამოყენებისას ეს მაჩვენებელი 5-6%-ს არ აჭარბებს. ძრავისთვის ნომერ პირველ საწვავად ითვლება, ბენზინსაც კი სჯობს, უნდა ითქვას, რომ ბუნებრივ აირთან შედარებით, ცოტათი მავნეა. მისი წვისას საერთოდ არ გამოიყოფა ტყვია, ნახირჟანგის შემადგენლობა, ბენზინთან შედარებით, ბუნებრივ აირში თუ 3-ჯერ ნაკლებია, აქ დაახლოებით 2,5-ჯერ ნაკლებია. გარდა ამისა, კანცეროგენული ნახშირწყალბადები ბუნებრივ აირში თუ 1,6-ჯერ დაბალია, ვიდრე ბენზინში, ამ შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 1,2-ჯერ ნაკლებია", - განმარტავს რამიშვილი და დასძენს, რომ გაჟონვისას თხევადი გაზი სერიოზულ საფრთხეს შეიცავს, რის გამოც დზპ-ის სისტემის მონტაჟი უნდა მოხდეს მაღალ დონეზე და ყველა წესის დაცვით, რაც მისი ტექნიკური გამართვის აუცილებელი პირობაა.
"ბუნებრივ აირზე სტანდარტული წნევა არის 200 ატმოსფერო, ჩვენთან კი 250-270-ზე ტუმბავენ. გარდა ამისა, თხევადი აირის შემთხვევაში გამოიყენება სპეციალური ბალონი, რომლის გამოც ხდება 25 ატმოსფეროზე, ხოლო მისი გაგლეჯა - 70 ატმოსფეროზე. ყველაზე მაქსიმუმი ტემპერატურა, პლუს 50 გრადუსის დროს, 16 ატმოსფეროა. გათხევადეული გაზის შემთხვევაში, მუშა წნევა, საშუალოდ, არის 4-დან 8 ატმოსფერომდე. ასე რომ, იგი დაბალი წნევით ხასიათდება, გაცილებით უსაფრთხოცაა, მთავარია, არ გაჟონოს. ეს არის თხევადი გაზის ერთადერთი ნაკლი ბუნებრივ აირთან შედარებით.
მისი ფარდობითი სიმკვრივე ჰაერთან შედარებით 2-ჯერ მაღალია და ვენტილაცია უნდა იყოს იდეალურად გაკეთებული, როცა მანქანა ამ ტიპის საწვავზე გადაგვყავს. ბოლო დროს ხალხმა დაიწყო ბუნებრივი აირის ბალონის მოხსნა და დზპ-ის მოწყობილობის მონტაჟი. ტენდენცია აშკარად შესამჩნევია", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ნოდარ რამიშვილი.
ბაზარზე გათხევადებული გაზის ერთადერთი შემომტანი "ჯორჯია გაზ იმპორტია". კომპანიის ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია ამბობს, რომინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში, ბაზარზე მოთხოვნა გაიზრდება და ბიზნესსაც განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცემა.
"გათხევადებულ გაზს, ბუნებრივ აირთან შედარებით, მრავალი უპირატესობა აქვს. ბალონი არის 2,5-ჯერ უფრო მსუბუქი. გაცილებით კომფორტულია და სათადარიგო საბურავის ადგილასაც შეიძლება მისი ჩადგმა. ამასთან, ეკოლოგიურადაც სუფთაა. ჩვენ, ფაქტობრივად, ახლა ვიწყებთ, მაგრამ ეს ბიზნესი მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
საქართვლეოში არ იყო არც თხევადი გაზის გასამართი სადგურები, არც შესაბამისი აპარატურა. საწვავის შემოტანას "ჯორჯია გაზიმპორტი" ახორციელებს და ბაზარზე უალტერნატივოა", - აცხადებს ხოფერია.
რაც შეეხება მონტაჟს, თბილისში ეს ჯერჯერობით კომპანიის სპეციალურ გაზგასამართ სადგურზეა შესაძლებელი, თუმცა, როგორც ნიკა ხოფერია ამბობს, მას მიმდევრები გამოუჩნდნენ და უკვე სხვებიც ამონტაჟებენ.
"მთლიანობაში, მოთხოვნა ძალიან დაბალია. ამ დროს თურქეთში მანქანების 75% გათხევადებულ გაზზე მუშაობს, უკრაინაში - 43%. საქართველოში 1,2 მილიონი მანქანა მოძრაობს, მაგრამ გათხევადებულ გაზზე ყოველდღიურად 1-2 მანქანაზე მეტი ვერ "გადაგვყავს". თვეში 50-60 მანქანის მონტაჟი ხდება. ეს არის ძალიან მცირე მაჩვენებელი, თუმცა ტენდენცია მზარდია.
ტექნოლოგიები, ინფრასტრუქტურა უნდა განვავითაროთ, ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ძალიან კარგი საწვავია, უბრალოდ, დისკომფორტია ის, რომ ძალიან ცოტა გასამართი სადგურია, სადაც მძღოლები ჩახსმას შეძლებენ. ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს და მეტი ინტერესი გაჩნდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნიკა ხოფერიამ.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"