ქართულმა დელეგაციამ ჰოლანდიის ბიზნესწრეებს საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები გააცნო

ქართული დელეგაცია ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, პირველი ოფიციალური ვიზიტით ჰააგაში იმყოფებოდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის წევრებმა ჰოლანდიის ბიზნესწრეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, რათა მომავალში ჰოლანდიური კომპანიები საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდნენ.

"ქართულმა დელეგაციამ პირველი შეხვედრა ამსტერდამის სამეფო კლუბში გამართა. ბიზნესსექტორისთვის გამართულ საქართველოს შესახებ პრეზენტაციას ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, შოთა ღვინერია უძღვებოდა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. საქართველოს შესახებ პრეზენტაცია ასევე მოამზადა ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა გიორგი პერტაიამ", - განაცხადეს სამინისტროში.

ასევე, ჰააგაში ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრ ლილიან პლუმენთან. შეხვედრაზე განხილული იყო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, წარმოებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდა ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარეს რაიმონდ დე რუნს. შეხვედრას საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის კომიტეტში შემავალი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელი პარლამენტარები ესწრებოდნენ.

მოგვიანებით ნიდერლანდების სამეფოში მდებარე საქართველოს საელჩოს შენობაში ჰოლანდიაში არსებულ ბიზნესის ხელშეწყობის ფონდებისა და სააგენტოების ხელმძღვანელებთან საქმიანი სადილი გაიმართა.

"საქართველოსა და ჰოლანდიის თანამშრომლობა ვაჭრობის განვითარების კუთხით, ბიზნესის კეთების შესაძლებლობები საქართველოში - ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რომლებზეც ქალაქ ჰააგაში გამართულ ბიზნესკონფერენციაზე ქართულმა დელეგაციამ და ჰოლანდიურმა მხარემ ისაუბრეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქალაქ ჰააგაში ბიზნესკონფერენცია Doing Business in Georgia გახსნა. ფორუმი ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ნიდერლანდების ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში შოთა ღვინერია და ჰოლანდიის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დირექტორი სიმონ სმიტი", - განმარტავენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, საქართველოს შესახებ პრეზენტაციები გამართეს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პერტაიამ და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კიკვაძემ. საქართველოს შესახებ ორგანიზებულ ღონისძიებას 100-ზე მეტი ჰოლანდიელი ბიზნესმენი დაესწრო.

ვიზიტის დასასრულს, ნიდერლანდების სამეფოს ინდუსტრიისა და დამსაქმებელთა კონფედერაციის თავმჯდომარის, ბერნარდ ვინჩესისა და საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მასპინძლობით მაღალი დონის საქმიანი ვახშამი გაიმართა. მას ნიდერლანდების მთავრობის წევრები, პარლამენტარები და მსხვილი კერძო კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრნენ. (Philips, The Friesian, APM Terminals, VanDrie Group, Rabo Bank, Agrico, 2 Sisters Storteboom, Royal Haskoning, Witteveen Bos).

"ბოლო 5 წელია ბერნარდ ვინჩესი სხვადასხვა გამოკითხვებში ყველაზე გავლენიან ჰოლანდიელად სახელდება. სწორედ მან გაუწია ვახშამს მოდერაცია. ნიდერლანდების სამეფოს ინდუსტრიისა და დამსაქმებელთა კონფედერაცია (VNO-NCW) ქვეყანაში მეწარმეთა უმსხვილეს ორგანიზაციას წარმოადგენს. VNO-NCW იცავს ჰოლანდიური ბიზნესის ინტერესებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ", - განმარტეს ეკონომიკის სამინისტროში.

ქართულ დელეგაციაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ილია კვიტაიშვილი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პერტაია და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კიკვაძე შედიან.