მთავრობა პარლამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ მოქმედი კანონის გაუქმებასა და ახლის მიღებას სთავაზობს. პარლამენტში უკვე წარდგენილია რვა კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში დაიწერა.
როგორც მთავრობა განმარტავს, ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” ახალი პროექტის მომზადების მიზეზს ექსპროპრიაციის პროცესების მიმდინარეობისას გამოვლენილი სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრა წარმოადგენს, რომლებიც დაკავშირებულია როგორც მესაკუთრეთა უფლებების უკეთ დაცვასთან, ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებისა და სამუშაოების დაგეგმილ ვადებში განხორციელებასთან.
მოქმედი კანონისგან განსხვავებით, შემოდის მორიგებითი და იძულებითი განსახლების წესი, რაც თავის მხრივ, აუცილებელი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე სამუშაოების ან პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების მიზნით უნდა განხორციელდეს.
პროექტის მიხედვით, მორიგებითი განსახლებისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე სამუშაოების ან პროექტის განმახორციელებელი საექსპროპრიაციო ქონებას იღებს ამ ქონების მესაკუთრესთან შეთანხმებით, ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
იძულებითი განსახლება მოიცავს ექსპროპრიაციას, რომლის დროსაც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე სამუშაოების ან პროექტის განმახორციელებელი საჭირო ქონებას იღებს მასზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით, რაც ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით - კომპენსაციის წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.
ამასთან, ექსპროპრიაცია სამ ეტაპად - წინასაექსპრიაციო, ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების ეტაპებად იყოფა. წინასაექსპროპრიაციო ეტაპი მორიგებით განსახლებას მოიცავს. ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების ეტაპზე მიმდინარეობს იძულებითი განსახლების, სამინისტროსადმი მიმართვისა და სასამართლოს წესით ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების პროცედურები. ექსპროპრიაციის განხორციელების ეტაპი მოიცავს რიგ საკითხებს, რაც დაკავშირებულია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასა და ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ასევე ექსპროპრირებული ქონების გამოთავისუფლებისთვის დადგენილ ნორმებს.
”საქართველოში ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარე სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე სამუშაოების განხორციელებისას (ელექტროსადგურების, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და სხვ.) ხშირად დგება კერძო საკუთრების ჩამორთმევის აუცილებლობა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა შეიცავს რიგ ხარვეზებს, რითაც ხშირ შემთხვევაში, ხელი ეშლება მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტების დროულად განხორციელებას, ხოლო მესაკუთრეთა უფლებების დაცვისთვის აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი უფრო მაღალი სტანდარტები და მესაკუთრეები უკეთ იყვნენ ინფორმირებულები ამ პროცესში თავიანთი უფლება-მოვალეობების თაობაზე”, - განმარტავს მთავრობა პარლამენტში მის მიერ წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით.