ახალი გადასახადის შემოღებაზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებულ მუხლზე კონსულტაციები გრძელდება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება. აღნიშნული მუხლი გარდა აქციზისა, გადასახადების გაზრდასა და ახალი გადასახადის შემოღებაზე რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს. როგორც კობახიძემ სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” ამ მუხლთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ფართო მსჯელობა იყო.

”დისკუსია წარიმართა სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა არგუმენტები, კონტრარგუმენტები მოვისმინეთ კომისიის წევრების მხრიდან, ასევე დამატებით გვქონდა ჩვენ შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, განვიხილეთ პლუსები, მინუსები, ნებისმიერ რეგულაციას აქვს თავისი ძლიერი მხარები, ნაკლოვანებები, ამ ყველაფრის აწონ-დაწონვის საფუძველზე გაგრძელდება დისკუსია შესაბამის ჩანაწერებთან დაკავშირებით”, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისია უკვე 3 თვეა მსჯელობს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

”საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში უკვე ასახულია 2 ფუნდამენტური პრინციპი, პირველი არის სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, მეორე - ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი. ამ 2 ძირითად პრინციპს ეფუძნება საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში პირდაპირ არის აღნიშნული და დაგეგმილია კონსტიტუციაში იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომლებიც ამ ორი პრინციპის რალიზებისათვის სათანადო გარანტიებს შექმნის, კონკრეტული მუხლებით, კონკრეტული ჩანაწერებით”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.