თბილისში შესაძლოა, "ჩქარი ავტობუსები" გამოჩნდეს

თბილისში, შესაძლოა, ჩქარი ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლი გამოიყოს. 

ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა. მერაბ ბოლქვაძის თქმით, ავტობუსის მძღოლებს შუქნიშანზე გაჩერების ვალდებულება აღარ ექნებათ.

"ჩქარი ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლები ისე მოეწყობა, რომ მასში ინდივიდუალურმა სატრანსპორტო საშუალებებმა შეჭრა ვერ შეძლონ. ყველა ვალდებული იქნება მათ გზა დაუთმოს.

ჩქარ ავტობუსებად შეიძლება დიდი ავტობუსები გამოცხადდეს, რადგან მათ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ. მოგვიანებით, როცა ქალაქს ფინანსები ექნება, ეს ზოლები შეიძლება ტრამვაისთვისაც გამოდგეს," - განმარტავს ის.

ჯერჯერობით, სამი მარშრუტია დადგენილი, რომლებიც, მერაბ ბოლქვაძის თქმით, შეიძლება დაკორექტირდეს: დიდი დიღომი - მარშალ გელოვანის გამზირი - საბურთალო-ვაკე- თავისუფლების მოედანი - ორთაჭალის ავტობაზრობა;

გლდანი - წერეთლის გამზირი - აღმაშენებლის გამზირი - რიყის ტერიტორია;

ავჭალის გზატკეცილი - რკინიგზის სადგური - ავლაბარი - აეროპორტის გზატკეცილი.

თბილისის მიწათმშენებლობის გენერალური გეგმის განხორციელება 2030 წლამდე იგეგმება.

მარიამ მენაბდიშვილი

წყარო allnews.ge