ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უკვე 244 საწარმოა მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ეკო რესურს ნატტექი“ შეემატება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, კომპანია, რომელიც 2016 წლის აპრილის თვეში დაარსდა, საკვები საღებავებისა და ფუნქციონალური დანამატების იმპორტს, ასევე დისტრიბუციას ახორციელებს, თუმცა პროგრამის მხარდაჭერით კომპანია იმპორტირებული პროდუქტის ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლებას გეგმავს, რაც 20-25%-ით შეამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას.
„აღსანიშნავია, რომ შპს „ეკო რესურს ნატტექი“ როგორც ადგილობრივი ბაზრის ათვისებას, ასევე პროდუქციის აზერბაიჯანსა და სომხეთში ექსპორტზე გატანასაც აპირებს. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია დამატებით 10 ადამიანის დასაქმებას შეძლებს. შპს „ეკო რესურს ნატტექი“, რომელიც 2017 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 816 331 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.