ნედლი ნავთობის ფასი სამკვირიანი ზრდის შემდეგ შედარებით შემცირდა.
კლების ძირითადი მიზეზი, აშშ-ში ფიქალური ნავთობის მოპოვების ზრდა გახდა.
"ბრენტის" მარკის ნედლი ნავთობის ფასი 0.07%-ით შემცირდა და ბარელზე 55.32 დოლარს მიაღწია, ამერიკული WTI-ს ფასი კი 0.08 პროცენტით დაეცა და ბარელში 52.61 დოლარი შეადგინა. კომპანია „ფილიპ ფიუჩერსის“ ანალტიკოს ჯონათან ჩენის თქმით, ამ კვირაში ფასის კლება გაგრძელდება და ბრენტის ფასი შესაძლოა, 54-დოლარიან ზღვარზე დაეშვას, WTI-ს ფასი კი 51.70-მდე დაეშვება.
აშშ-ის ენერგიის საინფორმაციო სააგენტოს (EIA) ცნობით, მაისში აშშ-ში ფიქალური ნავთობის მოპოვების ყველაზე მკვეთრი (ბოლო ორ წელიწადში) ზრდაა მოსალოდნელი. ეს ინფორმაცია ზრდის იმის მოლოდინს, რომ OPEC-ის და მისი არაწევრი ნავთობმომპოვებელი ქვეყნების მცდელობა, შეამცირონ ნავთობის მიწოდება და ამით დააბალანსონ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული სხვაობა, ამაო იქნება.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრებს 25 მაისს შეხვედრა აქვთ დანიშნული, რომელზეც უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელებენ მიწოდების შეკვეცის პაქტის ვადას, რომელიც ივნისში უნდა დასრულდეს, თუ - არა. ირანი იმედოვნებს, რომ პაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუმცა საუდის არაბეთის ენერგიის მინისტრის თქმით, ჯერჯერობით ამაზე დისკუსია ნაადრევია.
უნდა ითქვას, რომ საუდის არაბეთი და რუსეთი ნავთობის ექსპორტის მათზე გამოყოფილ კვოტებს იცავენ, მაგრამ ერაყი და რამდენიმე ქვეყანა თავიანთ კვოტებს ხშირად არღვევენ და ბაზარზე ჭარბი ნავთობი გააქვთ. იმავდროულად, კვლავ დაძაბული ვითარებაა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ არ ურჩევს დონალდ ტრამპის გაბედულების გამოცდას. ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული კრიზისი, ნავთობის ფასზე ძლიერ გავლენას ახდენს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლიბიაში გრძელდება ომი, რის გამოც, ნავთობის ექსპორტი არასტაბილურია. თუმცა ყოველივეს მიუხედავად, ქვეყნის „ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ“ მაინც შეძლო ნავთობის მომპოვებელი მინიმუმ ერთი ჭაბურღილის ამოქმედება. საერთო ჯამში, ანალიტიკოსთა უმეტესობა, ნავთობის ფასის ზრდასთან დაკავშირებით, ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს და ვარაუდობს, რომ ბარელი ბრენტის ფასი 60-65 დოლარს მიაღწევს.