„ქვეყანა თანდათან ხორცის იმპორტზე დამოკიდებული ხდება“

ხორცის ადგილობრივი წარმოება ბოლო წლებში ძალიან შემცირდა, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს : 2015 წელს საქართველოში მცხოვრებმა ფერმერებმა 62.1 ათასი ტონა ხორცი აწარმოეს, ხოლო 2016 წელს - 52.5 ათასი ტონა. ქვეყანაში შემცირებულია რძის წარმოებაც: 2015 წელს ფერმერებმა 676.5 მლნ ლიტრი რძე მიიღეს, ხოლო 2016 წელს - 506.1 მლნ ლიტრი. სამაგიეროდ, რამდენჯერმე გაიზარდა იმპორტი. იმპორტის ზრდაზე შემდეგი ციფრებიც მეტყველებს: 2010-2015 წლებში საქართველოში ღორის ხორცის იმპორტმა 184%-ით მოიმატა, ხოლო ფრინველის ხორცის იმპორტი 100% -ით გაიზარდა. ამ მხრივ ლიდერი ქვეყნების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება: არაბეთის გაერთანებული საემიროები, ბრაზილია, უკრაინა, არგენტინა, აშშ, ბელგია, ინდოეთი. ფერმერებისა და მეწარმეების თქმით, ქართული პროდუქცია უცხოურს კონკურენციას ვერ უწევს. „მათთან კონკურენციაში ყოველთვის დავმარცხდებით, რადგან თვითღირებულება მეტი გვიჯდება, შესაბამისად, ქვეყანა თანდათან ხორცის იმპორტზე დამოკიდებული ხდება“, - აცხადებენ ისინი.

გიორგი ნაფეტვარიძე უკვე 12 წელია ხორცის ბიზნესშია ჩართული. მისი თქმით, ადრე ხორცისა და ხორცპროდუქტების ბაზარზე უკეთესი სიტუაცია იყო - პროდუქციაც იაფი ღირდა და მყიდველიც უფრო მეტი ჰყავდათ.

“მყიდველს ყოველთვის დაბალი ფასი იზიდავს. ადრე ჩვენი პროდუქცია უფრო იაფი ღირდა და ბაზარზე ქართული ხორცის წილიც უფრო მაღალი იყო. თუნდაც ღორის ხორცის მაგალითზე ვიმსჯელოთ: 10-12 წლის წინ ქვეყანა ღორის ხორცზე თავის მოთხოვნას, თითქმის, სრულად აკმაყოფილებდა. შემდეგ კი, ადგილობრივი პროდუქციის მიერ გამოთავისუფლებული ადგილი იმპორტმა დაიკავა. ადრე უცხოეთიდან შედარებით მცირე რაოდენობის გაყინული ხორცი შემოდიოდა, ახლა კი, მარტო ხორცის კი არა, უკვე ცოცხალი პირუტყვის იმპორტი დაიწყეს უცხო ქვეყნებიდან”, - აღნიშნავს გიორგი ნაფეტვარიძე.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძეც მიიჩნევს, რომ ადგილობრივი წარმოების შემცირება ცოცხალი პირუტყვის გაყვანამ განაპირობა.

მისი თქმით, ამ მოვლენას ერთადერთი ახსნა აქვს: ცოცხალი პირუტყვის გაყვანა დეფიციტს წარმოშობს და ამ დეფიციტს იმპორტირებული პროდუქცია ავსებს. „ცოცხალი პირუტყვი საქართველოს ყველა კუთხიდან გაჰყავთ, სადაც მეცხოველეობაა განვითარებული, განსაკუთრებით კი, სამცხე-ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან. ადრე საზღვრებიც არ იყო გახსნილი, ახლა ჩვენი საზღვრები გაიხსნა და ცოცხალი საქონელი იმპორტიორებს ბევრ ქვეყანაში გაჰყავთ - აზერბაიჯანში, ქუვეითში, ერაყში, ირანში და ა.შ... ფერმერს სასაკლაოზე წაყვანას, ბაზარში სიარულს და დამატებითი ხარჯების გაწევას ისევ ცოცხალი საქონლის გაყიდვა ურჩევნია. მით უმეტეს, როცა იმავე ფასს უხდიან, რამდენსაც დაკლულ ხორცში მისცემენ“, - აღნიშნავს ნინო ზამბახიძე.

„მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის“ ბექა გონაშვილის განცხადებით, ექსპორტი მეცხვარეობაშიც მატულობს. მისი თქმით, მარტო ერაყში გასულ წელს 100 ათასი სული ცოცხალი საქონელი გაიყვანეს.

„შუამავლები ჩვენს ფერმერებს საკმაოდ კარგ ფასს და პირობებს სთავაზობენ, ისინიც უარს არ ამბობენ ცოცხალი საქონლის გაყიდვაზე. ამჟამად ხორცისა და ხორცპროდუქტების ბაზარზე ასეთი სიტუაციაა: ქართული საქონელი უფრო ძვირად იყიდება და იმპორტიორებს მის ნაცვლად ქვეყანაში შედარებით იაფფასიანი პირუტყვი შემოჰყავთ. ბევრი ამტკიცებს, რომ ხარისხიანი ქართული ხორცი უცხოეთში გააქვთ და აქ საეჭვო ხარისხის შემოაქვთო, მაგრამ ყველა სახის ქართულ პროდუქციაზე ვერ ვიტყვით, რომ ის ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხისაა. ფერმერები საქართველოშიც იყენებენ დიდი რაოდენობით საკვებ დანამატებს, ამიტომ, თუ პირუტყვი მინდორში, ბუნებრივ პირობებშია გაზრდილი, მისი ხორცი ეკოლოგიურად სუფთაა, მაგრამ თუ ჩვეულებრივ პირობებში, საკვები დანამატებით ზრდიან, მაშინ ეს არ არის ბიოპროდუქტი. ისედაც, იმპორტს ვერ შევაჩერებთ: იმპორტიორები გადასახადებს იხდიან, ბიუჯეტში თანხა შეაქვთ და თუ კანონიერ ბიზნესს ეწევიან, მათ საქმიანობას ვერავინ დააბრკოლებს. მათთვის კონკურენციის გაწევა რთულია, რადგან ბევრ ქვეყანაში ძალიან იაფი საკვები ბაზა აქვთ, შესაბამისად, მათი პროდუქციაც იაფია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარტო იმპორტი კი არა, ექსპორტიც გაიზარდა, რაც ცუდი ნამდვილად არ არის“, - აღნიშნავს ბექა გონაშვილი.

მისი თქმით, მომავალ სეზონს მეცხვარეები იმედით ხვდებიან, ვინაიდან ქართულ ცხვარზე მოთხოვნა არის.

„ბატკნები ჯერჯერობით პატარები არიან და რომ დაიზრდებიან, მათ ექსპორტს დავიწყებთ. ქართულ ცხვარზე მოთხოვნა არის და ამ მხრივ დამაიმედებელი მდგომარეობა გვაქვს. იმედია, ზაფხულის პერიოდში ფასებიც დაიკლებს. ასე რომ, წლევანდელ სეზონს იმედიანად ვეგებებით“, - აცხადებს „მეცხვარეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი.

ხათუნა ჩიგოგიძე