გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ლებარდეს ხეობაში, სოფელ კუზრუში, წიფლისა და ფიჭვის სახეობის მორების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროდან იუწყებიან, მოქალაქეები გია და მამუკა ნაჭყებიები, რომლებსაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე მოძრავი სატვირთო ავტომანქანით გადაჰქონდათ მორები, არ დაემორჩილნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას, შეეჩერებინათ სატრანსპორტო საშუალება, რის შემდეგაც მათზე დევნა განხორციელდა.
სამართალდამრღვევები მხოლოდ საკუთარი საცხოვრებელ სახლის ეზოში შეღწევის შემდეგ გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და სხვადასხვა ბლაგვი საგნებით შეიარაღებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს როგორც დეპარტამენტის, ასევე ადგილზე მისული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. სამართალდამრღვევთა მიმართ შედგა ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, უფლებამოსილი პირისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის გამო, რაც 5000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.