ბათუმის მერია ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს სწავლობს

ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახური ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს სწავლობს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების დროებით გადახურვა მოხდება. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმის ქუჩებში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

"ბათუმში ღამით ძლიერმა ქარმა თამარის დასახლებაში კორპუსს სახურავი გადახადა. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ წარმომადგენლები და მიმდინარეობს მდგომარეობის შესწავლა. დღეიდანვე განხორციელდება დაზიანებული სახურავების დროებით ბრეზენტით გადახურვა და დაპროექტების სამუშაოები. რამდენიმე დღეში კი დაიწყება სახურავების გადახურვის სრული რეაბილიტაცია. ქარის შედეგად წაქცეულია ერთი ხე პუშკინისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში. გამწვანების სამსახური წაქცეული ხის გატანის სამუშაოებს ახორციელებს. გრძელდება მონიტორინგი უბნების მიხედვით. შპს ,,სანდასუფთავებამ“ 01:00 სთ-დან დაიწყო წაქცეული ურნების გასწორება და ნაგვის გატანა. დილის 05:00 სთ-დან კი, გეგმის მიხედვით გაგრძელდა ქუჩების დასუფთავების სამუშაოები",- ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.