საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ბოლო წლების სიღარიბე დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე აისახა.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, 2016 წელს საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა. აღნიშნული ინფორმაცია კი, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებლების ამსახველ ბიულეტენშია ასახული.
”ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელი და იმავდროულად ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა დაფიქსირდა. დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესების მიზეზები სიღარიბის ზრდაში უნდა ვეძიოთ, რაც ბოლო წლების ეკონომიკურ სტაგნაციას და ცხოვრების მნიშვნელოვნად გაძვირებას მოჰყვა”, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის დაბერება დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესების ერთადერთ ახსნად არ გამოდგება.
ჭიაბერაშვილის აზრით, საგულისხმოა, რომ 2013 წლიდან მცირდება რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვიც.