ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდის მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის იმპორტი 29 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, გასულ თვეებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა 122 მილიონი დოლარი შეადგინა; 2016 წლის იანვარ-მარტში კი ეს მონაცემი 93 მილიონი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარ-მარტში, ნავთობპროდუქტების წილი მთლიანად საქართველოს იმპორტში 7.1% იყო; გასული წლის იანვარ-მარტში კი მთელი იმპორტის 6.3%.
2017 წლის იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. კერძოდ, ერთი ტონა ბენზინის აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, ერთი ტონა დიზელის საწვავის - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო ერთი ტონა ძრავის ზეთი - 400 ლარიდან 800 ლარამდე გაიზარდა. გაიზარდა ასევე 1000 მ3 გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზი და 80 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდა.