საქართველოში მალე ბიტკოინებზე მომუშავე ორი ATM აპარატი ამოქმედდება. როგორც ამერიკულ კომპანია „ბიტფიურის“ წარმომადგენელი ეფრემ ურუმაშვილი ამბობს, ჯერჯერობით თბილისში მხოლოდ ორი ასეთი აპარატის დადგმა იგეგმება. მათგან ერთი თბილისის აეროპორტში იმუშავებს, მეორე კი - ქალაქის ცენტრში.
აპარატები ორმხრივად იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება კრიპტოვალუტის როგორც ყიდვა, ასევე გაყიდვა. ასეთ აპარატებზე მოთხოვნილების არსებობის შემთხვევაში, ისინი სხვა ქალაქებშიც დაიდგმება.
ბიტკოინი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ბიტკოინის აპარატების რიცხვი სწრაფად იზრდება. მაგალითად, ახლახან შვეიცარიის რკინიგზის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც სადგურებში ციფრული ვალუტის აპარატების ამუშავებას ითვალისწინებს. ამ გეგმის მიხედვით, მომხმარებლები ბილეთის აპარატების დახმარებით, შვეიცარიული ფრანკის ბიტკოინზე გადაცვლას შეძლებენ.
საქართველოში ბიტკოინის რამდენიმე მონაცემთა ცენტრი მუშაობს, მაგრამ ამის მიუხედავად, ციფრული ვალუტა ჯერჯერობით მოთხოვნადი არ არის.
ორგანიზაცია „კოინ ATM რადარის“ ინფორმაციით, მსოფლიოში ამჟამად 840 ცალი BTM აპარატი მუშაობს. მათგან უმეტესობა - 477 შეერთებული შტატების ტერიტორიაზეა განლაგებული. აპარატების 20 პროცენტზე მეტი კი ევროპაში მუშაობს.
ბიტკოინი შეიქმნა 2008 წელს და წარმოადგენს ვირტუალურ /კრიპტოგრაფიულ ვალუტას, რომლის შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ხორციელდება. ბიტკოინის ყიდვა ტრადიციული ვალუტის გაცვლით არის შესაძლებელი. მისი დამახასიათებელი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ რომელიმე ცენტრალური ინსტიტუტის ან ორგანიზაციის მიერ არ გაიცემა. შესაბამისად, ბაზარზე დამატებითი ბიტკოინების გამოჩენით, ვალუტას გაუფასურება არ ემუქრება.
2016 წლის მონაცემებით, მიმოქცევაში თითქმის 15,5 მილიონი ბიტკოინია. ბიტკოინით ინტერნეტში პროდუქციისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი.