აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიზანი სათესლე და სარგავი მასალების ხარისხის და სტანდარტების კონტროლის სისტემის შექმნაა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ”სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, კანონპროექტის შემუშავების მიზეზია საქართველოში მეთესლეობის სქემისა და სათესლე და სარგავი მასალების ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისობის კონტროლის სისტემის არარსებობა. მისი თქმით, თესლის მწარმოებელი პირები არ იცავენ ნორმებს, ვინაიდან არ გააჩნიათ ამის ვალდებულება და საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე წამყვან პოზიციებს დაბალხარისხიანი თესლი იკავებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, უმეტესობა ისეთ იმპორტირებულ ჯიშებს ამრავლებს, რომლებიც სრულად არ არის შეგუებული ადგილობრივ ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებთან. ნოდარ კერესელიძეს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული აფერხებს მაღალი ხარისხის თესლის წარმოებაში ინვესტიციების განხორციელებას.

კერესელიძის აზრით, კანონპროექტის მიღებით მეთესლეობის სექტორში პასუხისმგებლობათა გადანაწილება მოხდება, შეიქმნება ეროვნული კატალოგი, რომელშიც შევა საქართველოს კლიმატური ზონებისთვის ყველაზე მეტად მისაღები ჯიშები, რომლებიც შემოწმებული იქნება როგორც ინდივიდუალობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე.

”სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო - სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა უზრუნველყოფს ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობისა და ხარისხის ზრდას”, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, ინიციატივა მისასალმებელია, რადგან კანონპროექტი პასუხობს ევროკავშირთან საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

”აღსანიშნავია, რომ პროექტმა “დანერგე მომავალი“ მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა ნერგებზე. გასულ წელს ნერგებზე მოთხოვნა თითქმის 4-ჯერ აღემატებოდა საქართველოში დამზადებული ნერგების რაოდენობას და, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი იძულებული გახდა იმპორტი განეხორციელებინა. გაჩნდა კითხვებიც - რამდენად არის ნერგები სერტიფიცირებული, რამდენად შეესაბამება სტანდარტებს და რამდენად პროდუქტიულია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს განხილული საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანა