"თაობა L"  - თსუ-სა და "პალიტრა L"-ის ერთობლივი პროექტი

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია და პროექტის - "თაობა L" პრეზენტაცია გაიმართება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციაზე - "წიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში", ახალი სტუდენტური პროექტის - "თაობა L" პრეზენტაცია ჩატარდება.

პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა "პალიტრა L" ერთობლივად განახორციელებენ. პროექტის მიზანია, ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება. კონკურსში მონაწილეობის მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

"პროექტი გულისხმობს გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სერიული გამოცემებიდან (50 და 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ) შერჩეული 10 წიგნის წაკითხვას და ყოველ ტურში შესაბამისი ტესტის წერას. ყველაზე მაღალი ქულების მქონე 10 ფინალისტი 23 აპრილს ერთმანეთს ფინალში შეხვდება. კონკურსის შედეგად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს აირჩევს - 1000 ლარს ან წიგნის თაროს 100 წიგნით, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", - აღნიშნულია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.