„რეზონანსი" - სახელმწიფო ხუდონჰესს იბრუნებს

მთავრობას ხუდონჰესის აშენება სურს, თუმცა - კერძო ინვესტორის გარეშე. კონკრეტულ გეგმაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა აშკარაა, რომ ინდოელ ინვესტორებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ამგვარი ცვლილებების დროს აუცილებელია ალტერნატიულ პროექტზე მუშაობა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მისი განხორციელების შემთხვევაში შენარჩუნდება ის ტერიტორია, რომლის გამოც ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

უკვე ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ "ტრანს ელექტრიკას" პროექტიდან გასვლა შესთავაზა. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყურადღებას ამახვილებს იმ გეგმებზე, რომლებიც სახელმწიფოს აქვს მიზნად.

"ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინვესტორ კომპანიასთან. გვაქვს შეთავაზება, რომ პროექტი "წამოიღოს" სახელმწიფომ და შესაბამისად, შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით განხორციელდება ეს პროექტი. ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, რადგან მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

გაჭიანურებულ მოლაპარაკებებს ადასტურებს "ტრანს ელექტრიკას" ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა. მისი თქმით, მოლაპარაკებები უშუალოდ ინვესტორებსა და სახელმწიფო მოხელეებს შორის მიმდინარეობს და უცნობია, როდის დასრულდება პროცესი.

ხუდონჰესის 1-მილიარდიანი პროექტისთვის ინვესტორს უკვე 32 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული და, დიდი ალბათობით, კომპანია, მინიმუმ, ამ თანხის დაბრუნებას მაინც მოითხოვს.

"ვერაფერს გეტყვით, ჩემთვის დეტალები უცნობია. ეს შეთავაზება იგზავნება ლონდონსა და დელიში. "ტრანს ელექტრიკა" ამ პროექტის მფლობელია და მოლაპარაკება მასთან მიმდინარეობს. დეტალებს ვერ გეტყვით.

უამრავი სუბიექტური და ობიექტური მიზეზია იმისა, რომ პროექტი რეალურად გაჩერებულია. არც ერთ ჰესსა და არც ერთ ჰიდროელექტროპროექტზე საქართველოში ამდენი შრომა და კვლევა არ ჩატარებულა. მასშტაბების შედარებაც ძალიან არასწორია, რადგან მრავალჯერ მეტი სამუშაო გაკეთდა ამ სადგურზე, ვიდრე ნებისმიერ სხვა ჰესზე საქართველოში. ფაქტია, პროექტი ვერ მიმდინარეობდა ისე, როგორც უნდა წარმართულიყო", - აღნიშნა მირცხულავამ.

სვანეთში გიგანტური ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობაც ეწინააღმდეგება, ისინი გარემოსთვის მიყენებულ ზარალსა და განსახლებას აპროტესტებენ.

ენერგეტიკოსების აზრით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, კარგია თუ არა ხუდონის პროექტის სახელმწიფოსთვის გადაბარება, ჯერ გასარკვევია მთავრობის გეგმა - საერთოდ აპირებენ თუ არა პროექტის განხორციელებას ან რა სახის იქნება ახალი ვარიანტი, რამდენად შეეხება ხალხს, სოფლებს. ენერგეტიკოსი მირონ ფირცხელანი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ხუდონის აშენების ალტერნატიულ გზებზე საუბრობს. მისი თქმით, ჰესი აუცილებლად ქართველმა ხალხმა უნდა ააშენოს.

"ადგილობრივების აზრი არ შეიცვლება. წინააღმდეგობა მაინც იქნება, თუკი შეეხებიან უშუალოდ ხალხსა და სოფლებს. აქედან გამომდინარე, ძველი პროექტი არ უნდა განხორციელდეს. ერთადერთი შესაძლებლობაა პროექტის შეცვლა, კაშხალი უნდა გადაიტანონ ზევით და ამ შემთხვევაში მოსახლეობას გადასახლება არ შეეხება. გვირაბით თუ წამოვა წყალი, სოფლებს ნამდვილად არ შეუქმნის საფრთხეს. მთავრობაც და ხალხიც ამ შემთხვევაში უფრო შეთანხმდებიან.

გააჩნია, სახელმწიფოს გეგმა რაში მდგომარეობს, თვითონ მთავრობის პოზიციაა გასარკვევი, სურს ამ პროექტის განხორცრიელება თუ არა. თუ სურს, რა სახით და ა. შ.

ხუდონი უნდა ააშენოს ქართველმა ხალხმა, რადგან ეს არის მომგებიანი ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც და მთავრობისთვისაც. იმედია, ისევ უცხოელებს არ მიჰყიდიან ამ პროექტს, სხვა შემთხვევაში ეს უფრო მეტ პრობლემასა და უთანხმოებას გამოიწვევს", - განუცხადა "რეზონანსს" მირონ ფირცხელანმა.

თეო გუდავაძე

გაზეთი "რეზონანსი"