არასამთავრობო ორგანიზაციები: ფინანსთა სამინისტრო TVMR საქართველოს შეთავაზებას უნდა დათანხმდეს

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და მედიის განვითარების ფონდი (MDF) მოუწოდებენ ფინანსთა სამინისტროს, დათანახმდეს ”თი-ვი ემ-არ საქართველოს” ალტერნატიულ შემოთავაზებას „ფიფლმეტრების“ ოფისის ბაზაზე შემოწმების შესახებ.

საქმე ეხება შემოსავლების სამსახურის საგადასხადო მონიტორინგის თანამშრომლების კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველოში“ შესვლას. ინვენტარიზაციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მოითხოვეს „ფიფლმეტრების“ აღრიცხვაც, რომელთა მეშვეობით, ”ნილსენის” სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელი კომპანია, ”თი-ვი ემ-არ”-ი სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს. „ფიფლმეტრები“ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ოჯახშია გადანაწილებული.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურმა იმ ოჯახების მისამართების გამჟღავნება მოსთხოვა, სადაც ეს მოწყობილობებია განლაგებული, რაც კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს.

”შემოსავლების სამსახურის მიერ წამოყენებული მოთხოვნა კომპანიისადმი, გაუზიაროს მათ „ფიფლმეტრების“ მქონე ოჯახების მისამართები, შეიცავს რისკს მომავალში ამ კვლევის შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით. თუ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ხელისუფლებას, ზუსტად ეცოდინება, თუ სადაა განლაგებული „ფიფლმეტრები,“ ჩნდება საშიშროება, რომ ისინი შეეცდებიან კვლევაში მონაწილე ოჯახების მეშვეობით კვლევის შედეგებით მანიპულირებას,” - ნათქვამია სამი ორგანიზაციის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აუდიტორიის კვლევების გარეშე შეუძლებელია სატელევიზიო რეიტინგების ობიექტურად გაზომვა. შესაბამისად, სარეკლამო სააგენტოები და რეკლამის განმთავსებლები სანდო რეიტინგებს ვერ მიიღებენ, რაც, თავის მხრივ, ”გულისხმობს სატელევიზიო ბიზნესის ფინანსურ კოლაფსს”.

განცხადების თანახმად, „თი-ვი ემ-არ საქართველომ“ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, შემოსავლების სამსახურს ალტერნატივად შესთავაზა „ფიფლმეტრების“ ოჯახებიდან ოფისში გადმოტანა და ოფისის ბაზაზე შემოწმება, რაზეც უარი მიიღო. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა კომპანიის წარმომადგენლებს განუმარტეს, რომ კანონი მათ ავალდებულებს დაადასტურონ, სადაა ძირითადი საშუალებები განთავსებული.

„თი-ვი ემ-არ საქართველოს“ განცხადებით, ისინი არ ეწინააღმდეგებიან ინვენტარიზაციას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მეთოდოლოგიაზე შეთანხმება, რათა არ დაზარალდეს კვლევაში ჩართული ოჯახების, კომპანიის, კლიენტი ორგანიზაციებისა და, საბოლოო ჯამში, სარეკლამო ბაზრისა და ტელევიზიების ინტერესები,” - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აუცილებლად მიიჩნევენ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მოახდინოს რეაგირება ამ საკითხზე, რადგან საქმე ეხება მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს (კვლევაში ჩართული პირების მისამართები).

”მოვუწოდებთ ინსპექტორს, რომელიც საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს ახორციელებს, შეასრულოს მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანები და კონსულტაცია გაუწიოს როგორც შემოსავლების სამსახურს, ასევე კერძო კომპანიას, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოქალაქეების პერსონალურ მონაცემთა დაცულობა,” - ვკითხულობთ ორგანიზაციების განცხადებაში.

„თი-ვი ემ-არ საქართველო“ ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს. სატელევიზიო რეიტინგები ტელეკომპანიებისთვის რეკლამის მოზიდვის უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს.