კომპანია „თეგეტა მოტორსის“ სასწავლო ცენტრის „თეგეტა აკადემიის“ მიერ მოწვეულმა ტრენერებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ტექნიკური სემინარი ჩაუტარეს.
როგორცკომპანია „თეგეტა მოტორსი“ იუწყება, სემინარს კომპანია BOSCH-ის წარმომადგენლები - დიმიტრი ულიანოვი და გრიგორი როზავინი და კომპანია MOTUL-ის წარმომადგენლები - სერგეი ევდოკიმოვი, ანდრეი სიჩევი და ანდრეი ლაუშკინი უძღვებოდნენ.
„სემინარზე სტუდენტებს გააცნეს თანამედროვე საავტომობილო სფეროს განვითარების სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები; ელექტრო, ჰიბრიდული და სხვა ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე საავტომობილო ტრანსპორტი და მათი განვითარების პერსპექტივები; თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი როლი ეკოლოგიისა და გარემოზე ზრუნვის კუთხით. ღონისძიების პროგრამა შემუშავდა სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკან ოთარ გელაშვილთან თანამშრომლობით და მაქსიმალურად მორგებულია დამსწრე აუდიტორიის საჭიროებასა და ინტერესს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აღნიშნული სემინარი „თეგეტა მოტორსის“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
„აღნიშნული მემორანდუმის შედეგად, 2015 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტზე გარემონტდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა „თეგეტა მოტორსის“ სახელობის აუდიტორია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.