დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იუწყება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი, სამწლიანი პროგრამის დამტკიცებისა და ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, მერსედეს ვერა მარტინთან გამართული შეხვედრისას.

ფინანსთა მინისტრმა მისიის ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ნაყოფიერი მუშაობისათვის და იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც ფონდის მისიის მთელმა გუნდმა საქართველოს მიმართ გასწია, რაც საქართველოსთვის ახალი პროგრამის დამტკიცებით დასრულდა.

შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განსაზღვრული რეფორმების მიმდინარეობა, რომელთა გატარებაც გათვალისწინებულია სავალუტო ფონდის ახალი პროგრამით.

უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრმა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, მისიის ხელმძღვანელმა პოზიტიურად შეაფასა ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა, როგორც საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის, ისე ხარჯვის კუთხით.

„ქართულ მხარესთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. ჩვენ სულ ახლახან დავამტკიცეთ ახალი, 285 მილიონი დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში. შეხვედრაზე განვიხილეთ ის პროგრესი, რომელიც სახეზეა მთავრობის ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში. პირველი კვარტლის მონაცემები გვიჩვენებს ძალიან პოზიტიურ დინამიკას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც“, - აღნიშნა მერსედეს ვერა მარტინმა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით არსებული პროგრესი ისეთი რეფორმების მიმართულებით, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა და სხვა.

ინდივიდუალურად განიხილეს სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები და მათი მიმდინარეობა დადებითად შეფასდა.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.