დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ორი ბაზარი და ორი შპს, რომელთა ხელმძღვანელებსაც ერთმანეთში დავა აქვთ. მოვაჭრეების თქმით, ამ დავის შედეგად ზარალდებიან რიგითი მოვაჭრეები. კერძოდ, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ბაზრის, შპს ”დიდუბის ბაზრის” დირექტორმა ტრისტან დვალმა ორ ბაზარს შორის ხელოვნურად კედელი ააშენა, რამაც მეორე ბაზრის მოვაჭრეებს შეუქმნა დაბრკოლებები, კერძოდ, დაირღვა უსაფრთხოების ნორმები და საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიაზე სახანძრო მანქანა შესვლას ვერ მოახერხებს.
ბაზრის მოვაჭრეების თქმით, მათ კედლის აღმართვის შედეგად შეექმნათ საკუთარი პროდუქციის რეალიზების პრობლემაც. აქციის მონაწილეთა თქმით, აღნიშნული კედლის მშენებლობა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში გაასაჩივრეს, რის შემდეგადაც ზედამხედველობის სამსახურმა კედლის დემონტაჟის ნებართვა გასცა, თუმცა, მოვაჭრეები აცხადებენ, რომ არ ხდება აღსრულება.
დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები მოითხოვენ თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა საკუთარი პრობლემები გააცნონ.
საპროტესტო აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება დიდუბის ბაზრის მოვაჭრეების მოთხოვნების დაკმაყოფილება, მაშინ ისინი კედლის დემონტაჟს საკუთარი ძალებით დაიწყებენ. ამასთანავე, 26 მაისს, მაშინ როდესაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღეები არის დაგეგმილი თბილისში, გამართავენ მასშტაბურ საპროტესტო აქციას.