ჩვილი ბავშვებისთვის შექმნილი ქართული ბრენდი ”ბაჩამი” ბაზარზე ორი თვის წინ გამოჩნდა. ბრენდის შექმნის იდეა კომპანიის დამფუძნებელს, ნინო ქოჩიაშვილს ბავშვების სიყვარულმა და პატარებისთვის აუცილებელი ნივთებისადმი გაზრდილმა მოთხოვნამ გადააწყვეტინა.
”სხვა ბიზნესიდან მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბავშვებისათვის საჭირო ნივთები ძალიან აქტუალურია. ჩვენი პროდუქცია ძალიან პრაქტიკულია. შეკვეთებს ვიღებთ როგორც ჩვილი, ასევე მოზრდილი ბავშვებისთვის სასურველ ნივთებზე. თუმცა ჩვენი ძირითადი პროდუქცია ერთ წლამდე ბავშვებზეა გათვლილი”, - ამბობს ნინო ქოჩიაშვილი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.
”ბაჩამის” ბავშვის ბალიშები, კონვერტები, შესახვევი ბაფთები, ბოდეები, ჯიბეები, კაბები, კალათები და სხვა პროდუქცია თბილისში იქმნება. როგორც ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, პროდუქცია ხელით იკერება, სახელოსნოში 5 ადამიანი მუშაობს, საერთო ჯამში კი კომპანიას 10-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
”მე და ჩემი დიზაინერი სახელწოდებაზე დიდხანს ვფიქრობდით, დედას ბავშვობიდან ”ბაჩას” ეძახიან, ასევე რაღაც პერიოდი იტალიაში ვცხოვრობდი. Baciami იტალიური სიტყვაა და ქართულად ”ჩასაკოცნს” ნიშნავს. ისე გამოვიდა, რომ დედაჩემის სახელს პატივი ვეცი და თან ეს სახელწოდება ბავშვებთანაც ძალიან ახლოსაა“, - გვიყვება ნინო ქოჩიაშვილი.
ამ ეტაპზე ”ბაჩამის” პროდუქცია ონლაინ, სოციალური ქსელის საშუალებით იყიდება, თუმცა მომხმარებელს შეუძლია კომპანიის ოფისში მივიდეს და მისთვის სასურველი ნივთი ადგილზე ნახოს. როგორც ”ბაჩამის” დამფუძნებელი ნინო ქოჩიაშვილი აცხადებს, მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება დიდია, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე.
”მოთხოვნა ძალიან დიდია საქართველოს რეგიონებიდან და ასევე რუსეთიდან. რეგიონებს პროდუქციას ჩვენი კურიერები აწვდიან. მას შემდეგ რაც აქ ყველაფერს დავალაგებ, რა თქმა უნდა, პროდუქციის საზღვაგარეთ გატანაზე დავიწყებ მუშაობს”, - ამბობს ბრენდის შემქმნელი.
ნინო ქოჩიაშვილის თქმით, ”ბაჩამის” პროდუქციის შოურუმები აპრილის ბოლოდან რამდენიმე კლინიკაში მოეწყობა, ასევე დაგეგმილია მაღაზიის გახსნა ბათუმში.