ვეტერანებისთვის ზედმეტად გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდია ლეგალიზებას დაექვემდებარა

ვეტერანებისთვის ზედმეტად გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდია ლეგალიზებას დაექვემდებარა. როგორც სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან იუწყებიან, 2013 წლის პირველი სექტემბრის შემდგომ ვეტერანთა გარკვეულ ნაწილს საყოფაცხოვრებო სუბსიდია ზედმეტად ერიცხებოდა, რასაც ახლდა ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოებების მიმდინარეობა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის უკან დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული პროცესი მძიმე ტვირთად დააწვა ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს.

„დაინტერესებული ვეტერანების მომართვიანობის საფუძველზე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მიმართა კომპეტენტურ უწყებებს ზედმეტად დარიცხული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ლეგალიზების ინიციატივით. ამ ინიციატივას საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა, რაც ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“, - აცხადებენ აღნიშნულ სამსახურში.

მათივე თქმით, 2017 წლის 13 აპრილს მიღებულია საქართველოს მთავრობის №191 დადგენილება, რომლითაც 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდია ლეგალიზებულად იქნა მიჩნეული და დაბრუნებას აღარ ექვემდებარება.