საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები 69 ათასი ჰექტარით შემცირდა

2016 წლის წინასწარი მონაცემებით, საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 239.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 69.2 ათასი ჰექტარით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო კულტურების (ხორბალი, ქერი) ნათესი ფართობი, წინასწარი მონაცემებით, 59 ათასი ჰექტარია, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 0.9 ათასი ჰექტარით ნაკლებია. მათივე ცნობით საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 180,2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემზე 68.3 ათასი ჰექტარით ნაკლებია.

2016 წლის წინასწარი მონაცემებით, ერთწლიან კულტურებში მოსავლიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი - 251.0 ათასი ტონა კარტოფილს აქვს, მას 232.2 ათასი ტონით მოსდევს სიმინდის მოსავალი და 119.0 ათასი ტონით საშემოდგომო ხორბალი. რაც შეეხება მრავალწლოვანი კულტურების წარმოებას, ყველაზე მაღალი წარმოება 189,9 ათას ტონა ხილს ეკუთვნის, მათ შორის დიდი წილი 63,5 ათასი ტონა ვაშლზე მოდის. ხილის წარმოებას 153,7 ათასი ტონა წარმოებით ყურძენი და 68.6 ათასი ტონით ციტრუსი მოსდევს. საქსტატის 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით 43.3 ათასი ტონით არის გაზრდილი ხილის წარმოება, 114.1 ათასი ტონით ყურძნისა და 16.9 ათასი ტონით ციტრუსის წარმოებები შემცირდა.

2016 წლის დაზუსტებული მონაცემები 2017 წლის 16 ივნისს იქნება ხელმისაწვდომი.