ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს კატარინა მატერნოვას შეხვდა.
როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა და კატარინა მატერნოვამ ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. შეხვედრა ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ევროკომისიის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხთა გენერალური დირექტორატის საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი ელენა ფლორესი, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვამ დადებითად შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი პროგრამის დაწყება და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება კარგი გზავნილია საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის დაწყება პოზიტიური სიგნალია როგორც საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომლებიც ფიქრობენ საქართველოში ბიზნესის დაწყება-განვითარებას, ასევე, სხვა დონორი ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ქვეყნის მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მხარდაჭერას ახორციელებენ. ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად, მხარეებმა განიხილეს ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით ევროკავშირისა და სხვა დონორების მხრიდან მხარდაჭერის პერსპექტივები.
დიმიტრი ქუმსიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი დახმარების პროგრამების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ეს პროგრამები პასუხია ქვეყნის მოსახლეობის მიერ გამოხატულ ევროპულ არჩევანზე. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მხარეს იმ გაწეული დახმარებისთვის, რომელსაც საქართველო ევროკავშირისგან იღებს.
უწყების ინფორმაციით, კატარინა მატერნოვამ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის სრულად განხორციელების და აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულების გამო. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას, კვლავ გააგრძელოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელება.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ევროკომისიასთან თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები.