საერთაშორისო ექსპერტები მსოფლიოში სურსათის გაძვირებას ვარაუდობენ

გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ უკრაინის გარშემო, რომელიც მარცვლეულის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია,  სურსათის მსოფლიო ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

როგორც გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (FAO) კვლევაშია აღნიშნული, სურსათის ფასთა ინდექსმა წინა თვესთან შედარებით თებერვალში 2,6%-ით მოიმატა და 208,1 პუნქტამდე გაიზარდა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ პროდუქტების გაძვირება, პირველ რიგში, ხორბალსა და სიმინდზე ფასთა ცვლილების დინამიკას უკავშირდება; კონკრეტულად, შაქარი 6,2%--ით გაძვირდა, ცხიმები - 4,9%-ით, მარცვლეული - 3,6%-ით, ხოლო რძის პროდუქტები - 2,9%-ით. უმნიშვნელოდ, მხოლოდ 0,5%-ით გაიაფდა ხორცი.

თუმცა, ინდექსის მატების ერთადერთი მიზეზი უკრაინა არ არის. ექსპერტები, სიფრთხილით, მაგრამ მაინც საუბრობენ მოსალოდნელ არახელსაყრელ ბუნებრივ ფაქტორებსა და მოთხოვნის ზრდაზე განვითარებად ქვეყნებში, რაც ხელს შეუწყობს ხორბალსა და შაქარზე, ასევე სიმინდზე, რძის პროდუქტებსა და ცხიმზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.